ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს მოემსახურება

„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხის შესახებ დადებითი რეკომენდაცია თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფმა მრავალპროფილურმა დაწესებულებამ „ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა“ უნივერსიტეტის დაკვეთით მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში ფუნქციონირება შეწყვიტა.
საკრებულოს ინფორმაციით, დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია და სეისმომედეგი ნაგებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ამ ყოველივემ აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების საჭიროება წარმოშვა, რათა ქვეპროგრამის განხორციელების პროცესი არ შეფერხებულიყო და ბენეფიციართა უფლებები არ შეზღუდულიყო.
„აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა საჭიროებებიდან გამომდინარე და მათი აბილიტაციის პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში“ ცვლილება შეგვაქვს, რომლის თანახმად, „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და მოზარდები თერაპიულ მომსახურებას და სისტემაში მოყვანილ სერვისს მიიღებენ.
ბავშვთა ჰარმონიული ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს შექმნა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება და მათი ხელშეწყობა ჩვენი ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ამ კეთილ საქმეში,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ კომისიის სხდომის დასასრულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს