უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე ადმირალმა, ოლექსიი ნეიჟპაპამ Українська правда-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შეუძლიათ და სრული უფლება აქვთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალ საზღვაო ბაზაზე განთავსებულ რუსულ გემებზე იერიში მიიტანონ. მისივე თქმით, უკრაინისთვის რუსული გემი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.
“სადაც არ უნდა იყოს ის [რუსული გემი] მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში”. – გაუსვა ხაზი ნეიჟპაპამ.
ნეიჟპაპას თქმით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზას გემების დაშორების საჭიროების გამო აშენებს, რადგან მთლიანი ფლოტის ერთ ბაზაზე კონცენტრირება არ შეიძლება. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთის საზღვაო ბაზა, ნოვოროსიისკისა და სევასტოპოლისგან განსხვავებით, ნავსადგომისთვის ხელსაყრელ ადგილას შენდება.
“გეოგრაფიულად ძალიან ხელსაყრელია ნავსადგომისთვის. დაცულია ყველა ქარისგან, დასავლურის გარდა. ძალიან სიმბოლურია. ნოვოროსიისკში კი ძალიან უსიამოვნო ქარებია, ბორას ეძახიან. ეს ძლიერი ქარია, რომელიც კავკასიის მთებიდან მოდის. ამიტომ, პორტშისახიფათო ნავსადგომებია. გარდა ამისა, ნოვოროსიისკში პორტში ისეც სახიფათო შესასვლელებია და, ამიტომ, გარკვეული ამინდის დროს გემის კაპიტანს განსაკუთრებული უნარები უნდა ჰქონდეს, რომ უბრალოდ ნავიგაციური უსაფრთხოება უზრუნველყოს”. – თქვა ნეიჟპაპამ.
ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.
ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.