ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის საჩივარი, რომელიც ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს, მტკიცებულებაა იმისა, რომ “სამყარო თავდაყირა დგას”.
“ტერორისტული ორგანიზაცია ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულ სჩადის და ახლა ვიღაც გამოდის ჰოლოკოსტის სახელით მათ დასაცავად. რა თავხედობაა. სამხრეთ აფრიკის თვალთმაქცობას საზღვარი არ აქვს. სად იყო სამხრეთ აფრიკა, როდესაც სირიასა და იემენში მილიონობით ადამიანი მოკლეს და სახლებიდან გაყარეს და ვინ ქნა ეს? ჰამასის პარტნიორებმა…” – თქვა მან.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი “გააგრძელებს ტერორისტებთან ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე”.
“გავაგრძელებთ ტყუილების უარყოფას, ჩვენი სამართლიანი უფლების დაცვას, რათა საკუთარი თავი დავიცვათ და უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი”. – თქვა ისრაელის პრემიერმა.
ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 84-გვერდიანი საჩივარი შეიტანა. სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები გაეროს სასამართლოს სთხოვენ, რომ იმოქმედონ მყისიერად, რათა გენოციდის კონვენციის ფარგლებში აირიდონ შემდგომი აუნაზღაურებელი ზიანი და პალესტინელი ხალხის უფლებების დარღვევები.
“ისრაელის ქმედებები გენოციდური ხასიათისაა, რადგან მიზანი პალესტინელების ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილის განადგურებაა” – წერია სამხრეთ აფრიკის საჩივარში.