1 ივნისს ისრაელის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა – მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმოადგინა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმება. ისრაელის ბევრი მოქალაქე ნეთანიაჰუს შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს, მაგრამ მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეები იმუქრებიან, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდება, ისინი მთავრობის კოლაფსს გამოიწვევენ.
ღაზაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ნეთანიაჰუმ არარეალისტური უწოდა მანამ, სანამ დაკმაყოფილდება ომის დასრულებისთვის განსაზღვრული პირობები – რითიც თითქოს ეჭვქვეშ დააყენა შეთანხმება, რომელიც ბაიდენმა ისრაელის მიერ შემუშავებულად წარმოადგინა.
1 ივნიის ისრაელში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების ოჯახების წევრები – დემონსტრანტები მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.
აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის შუამავლები ზეწოლას ახორციელებენ ისრაელსა და ჰამასზე – შუამავლები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს “საგზაო რუკას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის და კრიზისის დასრულებისთვის”, და მყისიერ შვებას სთავაზობს როგორ მძევლებს, ისე ღაზის მცხოვრებთ.
მაგრამ ულტრამემარჯვენე ფიგურები – ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი – ამბობენ, რომ მთავრობას დაშლიან, თუ პრემიერ-მინისტრი შეთანხმებას დათანხმდება, რითიც ნეთანიაჰუ შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი არჩევნების საჭიროების წინაშე.