ნეთანიაჰუ ვაშინგტონშია და დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ვაშინგტონში ხვდება ახლო აღმოსავლეთის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. ვიზიტის მთავარი თემები “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა და სხვა რეგიონული საკითხებია.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ს მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ეს შეხვედრები იმ ფონზე იმართება, როცა ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის შესახებ მოლაპარაკებები ამ კვირაში უნდა გაიხსნას. მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა “ჰამასის” მიერ დარჩენილი მძევლების გათავისუფლება და იმ ომის საბოლოო შეწყვეტა, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმისა და პასუხად ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციით დაიწყო.
უიტკოფი ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავს ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებთან, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შუამავლობენ.
ნეთანიაჰუ სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების მთავარი საკითხები იქნება “ჰამასთან” ომი, ირანული აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებები და ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოება არაბულ ქვეყნებთან.
ტრამპი წარსულში ისრაელის ძლიერი მხარდამჭერი იყო, მაგრამ მან ასევე პირობა დადო, რომ დაასრულებდა ომებს ახლო აღმოსავლეთში. ის ამაყობს იმით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზაში, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება, “ჰამასმა” 18 მძევალი გაათავისუფლა, რასაც ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება მოჰყვა.
“ჰამასმა”, რომელიც შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კვლავ განამტკიცა კონტროლი ღაზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აცხადებდა, რომ ამას არ დაუშვებდა.
მეორე ფაზის მოლაპარაკებების წინ, “ჰამასის” მებრძოლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღარ გაათავისუფლებენ მძევლებს, სანამ ომი მთლიანად არ დასრულდება და ისრაელის ძალები სრულად არ დატოვებენ ღაზას.
ამავდროულად, ნეთანიაჰუს მემარჯვენე კოალიციის პარტნიორები მას მოუწოდებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დასრულებისთანავე ომი განაახლოს.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ ერთგულია “ჰამასის” სრული განადგურების მიზნის, ასევე ყველა მძევლის დაბრუნების დაპირებისა.
2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, “ჰამასმა” დაახლოებით 1 200 ადამიანი მოკლა და 250 მძევლად აიყვანა. ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული ადამიანი ჯერ კიდევ “ჰამასის” ხელში რჩება, ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი მოკლულია.
ისრაელის 15-თვიანმა სამხედრო ოპერაციამ კი ღაზაში 47 400-ზე მეტი პალესტინელი შეიწირა, მათ შორის ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, გარდაცვლილთაგან 17,000 მებრძოლი იყო. ინფორმაციის ნაწილს ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, პერიოდული თავდასხმები კვლავ გრძელდება.