ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უზრუნველყოს ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნება და ისრაელისთვის ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) საფრთხის აღმოფხვრა.
ვაშინგტონში გამგზავრებამდე, 6 ივლისს, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ კატარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიმავალ ისრაელის დელეგაციის წევრებს აქვთ მკაფიო ინსტრუქციები, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც ისრაელმა მიიღო.
Reuters-ს მოჰყავს მისი სიტყვები: „მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან დისკუსია ნამდვილად შეუწყობს ხელს წინსვლას“, – თქვა მან.
6 ივლისს დოჰაში შეხვედრის შესახებ ინფორმირებული და ჰამასთან დაახლოებული პალესტინელი მოხელის თქმით, მოლაპარაკებები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე იქნება ორიენტირებული, მათ შორის, მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლებაზე, ხოლო ჰამასი, ასევე შეეცდება ღაზაში რაფის გადასასვლელის ხელახლა გახსნას დაჭრილების ევაკუაციისთვის, განუცხადა ოფიციალურმა პირმა AFP-ს.
განხილვების საკითხში გარკვეულმა პალესტინელმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ წინადადება მოიცავდა 60-დღიან ზავს, რომლის დროსაც ჰამასი ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ 10 ცოცხალ მძევალს და რამდენიმე ცხედარს გადასცემდა ისრაელს.
ღაზიდან გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ეყრდნობა, 6 ივლისს ისრაელის ძალებმა 14 ადამიანი მოკლეს. 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმის დროს პალესტინელი მებრძოლების მიერ გატაცებული 251 მძევლიდან 49 კვლავ ღაზაში იმყოფება. მათ შორის 27, ისრაელის სამხედროების თანახმად, გარდაცვლილია.
ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებულ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას 57 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ფორუმი
