ნეთანიაჰუს მთავარმა მრჩეველმა “ჰამასს” დასდო ბრალი ღაზაში ზავის შეწყვეტისთვის

ისრაელის მაღალი რანგის დიპლომატმა, პრემიერ-მინისტრ ს მთავარმა მრჩეველმა მარკ რეგევმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის.
კვირას რეგევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ისრაელის პოზიცია იმის შესახებ, რომ არმია ომს არ აწარმოებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამას ართულებს ის, რომ „ჰამასი“ „თავისი ტერორის მანქანას სამოქალაქო კვარტლებში განათავსებს“.
რეგევმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია ცდილობს, „ქირურგიული“ სიზუსტით იმოქმედოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ძალზე რთულ სარძოლო ვითარებაში და წინასწარ აფრთხილებს მოსახლეობას მოსალოდელი იერიშების შესახებ.
რეგევმა „ჰამასს“ ბრალი დასდო შვიდდღიანი ზავის შეწყვეტაში. ამ პერიოდში ექსტრემისტებმა ისრაელს ათობით მძევალი გადასცეს. სანაცვლოდ ისრაელმა თავისი ციხეებიდან გაათავისუფლა პალესტინელი პატიმრები პრინციპით სამი ერთზე.
რეგევი, რომელიც ადრე ისრაელის ელჩი იყო ლონდონში, ამტკიცებს, რომ „ჰამასმა“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და არ გაათავისუფლა უფრო მეტი მძევალი, რაზეც ის თავდაპირველად დათანხმდა.
„ასე რომ, თუკი ღაზის მოსახლეებს პრეტენზიები აქვთ, მათ იციან, ვისკენაც უნდა გაიშვირონ თითი,“ თქვა მან.
მანამდე „ჰამასის“ მაღალი რანგის წარმომადგენელმა სალაჰ ალ-არურიმ კატარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი სანაცვლოდ დათანხმდება ცეცხლის პერმანენტულ შეწყვეტას.
მხარდაჭერის მიუხედავად, ისრაელის მოკავშირეები, ასევე გაერო, მოუწოდებენ მას, დაიცვას ომის წარმოების წესები და თავი შეიკავოს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებებისგან.
შაბათს -ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ისრაელი გამარჯვებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს სამოქალაქო მოსახლეობას.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ „ძალზე ბევრი უდანაშაულო პალესტინელი იქნა მოკლული“ და მან ღაზის სექტორის ტანჯვას „გამანადგურებელი“ უწოდა.
„ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ სექტორში დაიღუპა 15 ათასზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
ღაზის სექტორში საბრძოლო ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ისრაელზე ჯიჰადისტების 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინდელ ტერაქტს ისრაელში 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.