ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იგი დაარწმუნა, რომ ამერიკა ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე შეზღუდვებს მოხსნის.
“როდესაც მდივანი ბლინკენი ახლახან ისრაელში იყო, ჩვენ გულწრფელი საუბარი გვქონდა, მე ვუთხარი, რომ ღრმად მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-მ ისრაელს [ჰამასთან] ომის დაწყებიდან გაუწია”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
თუმცა, ისრაელის პრემიერის თქმით, მან ბლინკენს ასევე უთხრა, რომ “მიუღებელია, რომ ბოლო თვეების მანძილზე, [ბაიდენის] ადმინისტრაცია ისრაელისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაზე უარს ამბობდა”.
ნეთანიაჰუს თქმით, ამის შემდეგ ბლინკენმა იგი დაარწმუნა, რომ “[ბაიდენის] ადმინისტრაცია დღე და ღამე მუშაობს, რათა აღნიშნული დაბრკოლებები აღმოფხვრას”.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი ამერიკული შეიარაღება ისრაელს ომის უფრო სწრაფად დამთავრებაში დაეხმარება.