მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს პროკურორებმა ჰამასის ლიდერებთან ერთად ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერები მოითხოვეს, საფრანგეთმა ჰააგის სასამართლოს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადება 20 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ გააკეთა.
“ისრაელთან დაკავშირებით, სასამართლოს პალატის გადასაწყვეტი იქნება გამოსცემს თუ არა ამ ორდერებს, მას შემდეგ რაც პროკურორის მიერ წარდგენილი იქნება. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და ბრძოლას ყველა სიტუაციაში დაუსჯელობის წინააღმდეგ” – თქვა სტეფან სეჟურნემ.
სეჟურნეს თქმით, ისინი ისრაელს თვეების მანძილზე აფრთხილებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე და განსაკუთრებით მიუღებელი იყო ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის დიდი მაჩვენებელი.
საფრანგეთი ერთადერთი დასავლური სახელმწიფოა, რომელმაც ჰააგის სასამართლოს მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჰამასის და ისრაელის მორალურ გათანაბრებას სამარცხვინო უწოდა.
ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰააგის სასამართლოში პროკურორები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ორდერს ითხოვენ.