ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა 6 ოქტომბერს გააფრთხილა ირანი, რომ მასაც იგივე მოელის, რაც ღაზას და ლიბანს, თუ ისლამური რესპუბლიკა ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება.
„ირანელები სამხედრო-საჰაერო ძალებს ვერ შეეხნენ, არც ერთი თვითმფრინავი არ დაზიანებულა, არც ერთი დანაყოფი არ გამოსულა მწყობრიდან,“ ნათქვამია გალანტის განცხადებაში. მისი კომენტარი ეხებოდა ირანის საჰაერო იერიშს ისრაელის მიმართულებით, რაც, როგორც ირანი აცხადებს, პასუხი იყო თეირანში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) პოლიტიკური მეთაურის და ბეირუთში ჰეზბოლას ხელმძღვანელის მოკვლაზე. ამ თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი პირი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და რაკეტა მოხვდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ბაზას.
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიამ გაავრცელა ცნობა, რომ მან 6 ოქტომბერს მოინახულა ჯარები ლიბანის საზღვართან ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ისრაელის საჰაერო ძალებმა 6 ოქტომბერს მასიური საჰაერო დარტყმები მიაყენეს ლიბანის სამხრეთი რაიონებს. ისრაელმა განაცხადა, რომ განახორციელა “მიზანმიმართული დარტყმების” სერია “იარაღის საწყობებზე” და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც ეკუთვნის ჰეზბოლას.
ჰეზბოლა აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი, ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა მისი მხოლოდ გასამხედროებული ნაწილი, მაგრამ არა მისი პოლიტიკური ფრთა, რომელსაც ადგილები აქვს ლიბანის პარლამენტში.
ფორუმი