“ნედლეულის გაძვირების გამო, ფასების დაკორექტირება მოგვიწია” – საკონდიტრო “ფუსფუსი”

ნედლეულის გაძვირების გამო, ბოლო პერიოდში ფასების დაკორექტირება მოგვიწია, – ამის შესახებ BM.GE-ს საკონდიტრო “ფუსფუსის” დამფუძნებელმა, ნათია ყუბუსიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საკონდიტრომ ზაფხულის კრიზისული პერიოდი გაიარა, რადგან ზაფხული თბილისში არსებული ბიზნესებისთვის რთულად გადასატანია. თუმცა, კომპანიამ განვითარება არ შეწყვიტა და ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატებაც შეძლო.
„იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის პერიოდი ჩვენი ბიზნესისთვის რთული იყო, შეიძლება ითქვას, რომ მარტივად ვერ გადავიტანეთ. თუმცა საკონდიტროს ასორტიმენტი გავამრავალფეროვნეთ. შევმატეთ აჭარული ხაჭაპური, სენდვიჩები, დესერტები და ა.შ. გარდა ამისა, დავამატეთ საქორწილო ტორტები. ამ მხრივ წინასწარი ჯავშნებიც უკვე გვაქვს”, – აღნიშნა ყუბუსიძემ.
მისივე თქმით, საკონდიტროში დამატებით კადრს ეძებს, ვინაიდან გეგმავს სამზარეულოში ნაკლები დრო დახარჯოს და უფრო მეტად ბიზნესის განვითარებაზე იმუშაოს.
“თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე კადრების მოძიება საკონდიტრო მიმართულებით მარტივი არაა“, – აცხადებს ყუბუსიძე.
“ფუსფუსის” დამფუძნებელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაყიდვების ზრდას ელის.

ასევე დაგაინტერესებთ