ნედლეულზე მაღალი ფასის გამო წარმოებიდან სრულად ამოვიღეთ ალუბლის მურაბა – „მარნეულის სასურსათო ქარხანა“

კენკროვან კულტურებზე მაღალი ფასის გამო მწარმოებლების ნაწილს პროდუქციის გარკვეული სახეობის წარმოებიდან ამოღება მოუწია. ამის შესახებ “მარნეულის სასურსათო ქარხნის” პროექტების მენეჯერმა bm.ge-ის განუცხადა.
შიდა ქართლში საგაზაფხულო ყინვის შედეგად ხილის გარკვეული სახეობები გაფუჭდა, რის გამოც ბაზარზე ბლის, მარწყვის, ტყემლის და სხვა კენკროვანების დეფიციტი შეიქმნა. ის, რაც ყინვას გადაურჩა, დიდი მოთხოვნის გამო საგრძნობლად გაძვირდა. მაგალითად, სარეალიზაციო ქსელებში ბალი სეზონზე 10 ლარიდან 25 ლარის ფარგლებში ღირდა.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შემცირდა ტყემლის მოსავლიანობაც, დეფიციტური პროდუქტის გაძვირება კი ბუნებრივია წარმოებული პროდუქტის ღირებულებაზე აისახა.
„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროექტების მენეჯერი ქეთი ნემსაძე აღნიშნავს, რომ მოსავლიანობის შემცირებით გამოწვეული ფასის კორექტირებიდან გამომდინარე, გადამუშავებული პროდუქტის გაძვირებაც მოუწიათ.
„ბაზარზე შექმნილმა დეფიციტმა და ნედლეულის ფასების ზრდამ მარნეულის სასურსათო ქარხანაც დააყენა გამოწვევის წინაშე. წელს ტყემალზე მცირედით მოგვიწია ფასის გაზრდა, ვინაიდან გორის და ქარელის რაიონში კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა ნედლეულს და ამან გამოიწვია ფასების ზრდაც.
ფაქტობრივად ღირებულებები გაორმაგებულია, რის გამოც დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ამოვიღეთ წლევანდელ წელს ალუბლის მურაბის წარმოება, ვინაიდან ნედლეულზე ფასი მაღალი იყო, ხოლო რაც შეეხება თეთრი ბლის მურაბას, მიუხედავად იმისა, რომ ფასი ორჯერ მაღალი იყო პროდუქტზე, მაინც ვაწარმოვეთ ეს პროდუქტი, ვინაიდან ძალიან დიდია ბაზარზე მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტზე.
ხილზე ფასების ასეთ ზრდას არ ველოდით, თუმცა ვცდილობთ არ შევამციროთ წარმოება და შევინარჩუნოთ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს BM.GE-სთან „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროექტების მენეჯერი ქეთი ნემსაძე.