ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძის აზრით, „ახლა ნებისმიერ სამსახურსა და ბიზნესზე მნიშვნელოვანია, საქართველო შევინარჩუნოთ“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სამოქალაქო აქტივიზმში ჩაერთო.
„ყველაფერზე მნიშვნელოვანია, საქართველო როგორმე შევინარჩუნოთ და ამ ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ ჩვეულებრივი მოქალაქეები. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოვადგენ, უბრალოდ, რამდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად დავიწყეთ ქალაქში ოკუპაციის წინააღმდეგ სტიკერების გაკვრა და სტენსილების (კედლებზე პულევიზატორით დახატვა) ხატვა. მრავალი პატრიოტული სტენსილი, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებს ამშვენებს, იმ ადამიანების გაკეთებულია, ვისთანაც ვმეგობრობ. საერთოდ არ მეხალისება ღამე სიცივეში, ქარსა და წვიმაში ქუჩაში სიარული და სამოქალაქო აქტივიზმი, როცა შეიძლება სახლში თბილად ვუყურო ტელევიზორს, მაგრამ უბრალოდ არ გამოდის; მე ასე გავიზარდე. 1937 წელს ჩემი დიდი ბაბუა კომუნისტებმა დახვრიტეს, ბებია გადასახლებული იყო და საბედნიეროდ გადარჩა. მოკლედ, წინაპრებიდან მომდევს აქტივიზმი. თან პატრიოტიზმმა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა ერთგვარ დამოკიდებულებასაც იწვევს“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ ცოტნე ჯაფარიძის “ტრეფიკ თრეველ ჯორჯია“ ის ტურისტული კომპანიაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს არ ემსახურება.
ვიდრე საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუს ტურისტებს არ მოვემსახურებით – “ტრეფიკ თრეველი“
“რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა გრძელდება და არც ვაპირებთ შევცვალოთ. წარმოუდგენელია მოვემსახუროთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი სახელმწიფოდან ჩამოდის.
რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და თავის ტკივილია. ჩვენ არ ვართ სადაზვერვო ორგანიზაცია, რომ დავადგინოთ რუსეთის მოქალაქეებიდან ვინ აპროტესტებს პუტინის პოლიტიკას და ვინ – არა, ამიტომ ვიდრე საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუს ტურისტებს არ მოვემსახურებით”, – აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის აზრით, ახლა ყველაზე მთავარია, საქართველომ ევროპულ გზაზე დაბრუნება მოახერხოს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობას წერტილი უნდა დაესვას.
“ზამთრის ტურისტულ სეზონზე თოვლის მოსვლა იყო მთავარი, მაგრამ ახლა თოვლი მეორეხარისხოვანია; ისეთ გზაგასაყარზეა ქვეყანა, რომ არც ტურიზმის დროა და არც ნებისმიერი სხვა ბიზნესის. ჩვენ თუ ვერ შევძელით დასავლური ღირებულების დაცვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა და რაც კონსტიტუციაში გვიწერია, გავიღვიძებთ ქვეყანაში, სადაც არც ტურიზმი იარსებებს და არც ნებისმიერი სხვა სექტორი. ამიტომ ტურიზმში მოლოდინებზე საუბარი რთულია. ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს; შემდეგ 10 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა – ეს იქნება დაძაბულობის კულმინაცია და მაშინ თუ არ ვივარგეთ, შეიძლება ამ და სხვა თემებზე ღიად საუბარი ვერც შევძლოთ. საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ვიყოთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და რუსეთსა და აზიაზე გადაბმული, რომელიც მხოლოდ საფრთხის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.