ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება
აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ლადო ბურდულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, რომლითაც მან ბერა ივანიშვილს მიმართა და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატა.
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მან ლადო ბურდულს გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია განემარტა, რაზეც თავდაპირველად თანხმობა მიიღო, თუმცა, შემდეგ ბურდულმა განაცხადა, რომ აზრი შეიცვალა და გადაცემაში მისვლას არ აპირებდა.
მას მიაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროცესების რადიკალიზაციამ პოლარიზაციამდე, საზოგადოების გახლეჩვამდე და დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, დისკუსიასა და დიალოგზე უარის თქმა, სწორედ პოლარიზაციის გაღრმავებისა და არსებულ ჩიხში დარჩენისთვის უმთავრესი ინსტრუმენტია.
„რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ლადო ბურდულის ფეისბუკ-პოსტი, რომლის საშუალებითაც მან ბერა ივანიშვილს მიმართა და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატა. აღნიშნული პოზიციის გაცნობის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ ლადო ბურდულის პრეტენზიები დაუსაბუთებელი იყო, რაც მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: მას არ გააჩნია ან თუ გააჩნია მხოლოდ სუსტი არგუმენტები და მიმართვის შინაარსი მხოლოდ ინდივიდუალურ განწყობას გამოხატავს, ან ჩათვალა, რომ სოციალური ქსელი ის სივრცეა, რომელშიც მოკლე განცხადებით უნდა შემოფარგლულიყო და საკითხი ვრცლად არ გაშალა.
აქედან გამომდინარე, მე, როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, გადავწყვიტე, მომეწვია „თავისუფალ სივრცეში“, მიმეცა შესაძლებლობა ვრცლად ესაუბრა და საზოგადოებისათვის საკუთარი პოზიცია ამომწურავად განემარტა. შეთავაზებაზე ლადო ბურდულმა, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, თუმცა, ცოტა ხანში დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ აზრი შეიცვალა და გადაცემაში მოსვლას არ აპირებდა.
როგორც საავტორო გადაცემის წამყვანს, მაქვს უფლება ინდივიდუალური მოსაზრება დავაფიქსირო. მიმაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც პროცესების რადიკალიზაციამ პოლარიზაციამდე, საზოგადოების გახლეჩვამდე და დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, დისკუსიასა და დიალოგზე უარის თქმა, სწორედ პოლარიზაციის გაღრმავებისა და არსებულ ჩიხში დარჩენისთვის უმთავრესი ინსტრუმენტია. მინდა აქვე განვმარტო, რომ პირადად ლადო ბურდულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, მისი უარი დისკუსიაზე, ერთი კონკრეტული შემთხვევა ნამდვილად არ არის და ჩვენს ქვეყანაში მყარად ფეხმოკიდებული იმ გლობალური ტრენდის გაგრძელებაა, როდესაც საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფ მხარესთან, ან იმ ადამიანებთან დიალოგზე, რომელთა მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება გიჩნდება, უარი უნდა თქვა“- წერს ხუზმიაშვილი.
წამყვანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტის, მათ შორის კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების დასრულება მხოლოდ ორი გზით – მშვიდობიანად, ანუ დიალოგითა და კომპრომისით, ან ძალისმიერად არის შესაძლებელი!
მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრის არაერთი შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, პროსტესტში მონაწილეები „არათუ უარს ამბობდნენ, არამედ სხვებს ამუნათბდნენ, თუკი შეთავაზებას დათანხმდებოდნენ“.
გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი ვახო ხუზმიაშვილს უფრო უმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება.
„კარგად მახსოვს, გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არაერთი შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებში ჩართული, მათ შორის პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანებისადმი, რომლებიც არათუ უარს ამბობდნენ, არამედ სხვებს ამუნათბდნენ, თუკი შეთავაზებას დათანხმდებოდნენ.
ასევე კარგად მახსოვს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, როდესაც არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ, უცხოელი, იმ დროისთვის ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ინდივიდებისგან ჟღერდებოდა ხისტი გზავნილები, რომ კანონი „რუსული“, ხოლო შინაარსთან დაკავშირებით, იმავე ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ დიალოგსა და პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დაუშვებელი იყო!
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტის, მათ შორის კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების დასრულება მხოლოდ ორი გზით – მშვიდობიანად, ანუ დიალოგითა და კომპრომისით, ან ძალისმიერად არის შესაძლებელი!
მე არ ვაპირებ ხელისუფლების იმ მცდელობებზე, როდესაც ადამიანების დიალოგზე დათანხმებას ცდილობდა ვრცლად ვისაუბრო, თუმცა, გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება.
მაქვს განცდა, რომ ამ ადამიანებს ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან ძალიან სუსტი არგუმენტები აქვთ და თავადვე მიაჩნიათ, რომ არასწორ პოზიციაზე დგანან. კარგად იაზრებენ, კონკრეტული ძალების მიერ სიცრუეზე დაფუძნებულმა პროტესტმა და ტყუილზე დაფუძნებულმა არგუმენტებმა, დისკუსიაზე უარის თქმის გარდა სხვა გზა რომ არ დაუტოვა.
მეორე მხრივ, აღნიშნულ პროცესში არსებობენ კონკრეტული ინტერესების მქონე აქტორები, რომლებიც დაპირისპირების დასრულებას, დიალოგსა და კომპრომისს პრინციპულად ეწინააღმდეგებიან. ეს კი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშიც ჩანს. ბოლო პერიოდში, ე.წ. „ლიბერალური ელიტებისთვის“ პროტესტის სახელით საზოგადოებრივი კონფლიქტებისა და პოლარიზაციის გაღვივება ერთადერთ გზად იქცა, რომლითაც, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების განხორციელება მოახერხონ, შესაბამისად, ყველას ვინც საწინააღმდეგო გზის არჩევას გაბედავს, ბულინგით, მორალური თავდასხმებითა და რადიკალური ნაბიჯებით ემუქრებიან.
მიმაჩნია, რომ „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობაზე ლადო ბურდულის საბოლოო უარი, ჩემ მიერ აღწერილი შემთხვევების ერთ-ერთი მაგალითია და მაქვს განცდა, რომ თავდაპირველი თანხმობა მისი სურვილით იყო განპირობებული, მოგვიანებით შეცვლილი პოზიცია კი, იმ ადამიანებთან კონსულტაციის შედეგი, რომლებსაც საკუთარ წარმოდგენაში „აზრის პოლიციის“ ფუნქცია აქვთ შეთავსებული.
მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი სუბიექტური აზრით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს! საქართველოში არსებული რადიკალური დღის წესრიგიდან კი ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას არ ავნებს, სწორედ დისკუსიის შედეგად მიღწეული კომპრომისია, მინიმუმ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში მზად ვარ ჩემი მინიმალური წვლილი შევიტანო და როგორც აქამდე, ისე სამომავლოდ, ჩემს გადაცემაში, ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი ადამიანს დრო დავუთმო და მასთან დისკუსია გავმართო!“- წერს ვახო ხუზმიაშვილი.
