„ნებისმიერი დაგვიჯდეს კამერების თვალწინ“ — კობახიძე „რუსულ კანონზე“ ოპონენტებს

პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად მიიღოს მონაწილეობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ დისკუსიაში.
„ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი. კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს. კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს — ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. რა შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში, აბსოლუტურად გაუგებარია“, — განუცხადა მ ჟურნალისტებს გერმანიაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრარგუმენტების არარსებობის შემთხვევაში კანონი „ბოლომდე იქნება მიღებული“.
„დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, თუ არ იქნება კონტრარგუმენტები, ამ შემთხვევაში ბოლომდე იქნება მიღებული კანონი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება… ვისაც ექნება სურვილი, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, — იქნებიან ესენი დიპლომატები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ამ კანონის რიგითი ოპონენტები, — პირადად ვარ მზად, ნებისმიერს დავუჯდე. ძალიან მყარია ჩვენი პოზიციები. ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვარიდებს რისკებს სამომავლოდ“, — განაცხადა კობახიძემ.
“ჩვენ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის, მათ შორის, თუნდაც ღია დისკუსიისთვის. ნებისმიერი: უცხოელი ქართველი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების თვალწინ, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში”, – აცხადებს კობახიძე.
პრემიერის თქმით, საუბარია “საზოგადოების წინაშე არსებულ რისკებზე”. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაიხსენა შეცდომა ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები და ეს რევოლუციის მცდელობას დაუკავშირა.
„თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წლის ბოლოს, როდესაც გვქონდა რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ მცდელობაში პირდაპირ იყვნენ გარეულნი ადამიანები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, ბევრი სხვა რამ გააყალბეს… გამჭვირვალობა არის კეთილსინდისიერების არა მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი პირობა. სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო გამჭვირვალობა, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა იკადრეს და გააყალბეს, მაგალითად, PVT ან გააყალბეს სხვა მონაცემები. სადაც იქნება გამჭვირვალობა, იქ იქნება ნაკლები ცდუნება გაყალბების კუთხით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ დასახელება „უცხოური ინტერესების გამტარებელი“ არის ფაქტის კონსტატაცია და არა იარლიყის მიკვრა.
„გამჭვირვალობის კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია იწოდება უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. როდესაც ორგანიზაცია აფინანსებს სხვას, მას აქვს კონკრეტული ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის გატარებას ემსახურება ის დაფინანსება, რაც მიდის შესაბამის ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. როდესაც ვიღაც გაურბის ფაქტის კონსტატაციას, ეს არის თავისთავად დამაფიქრებელი, რატომ გაურბის ვიღაც არა სახელის მინიჭებას, არამედ ფაქტის კონსტატაციას. ფაქტის კონსტატაცია არ შეიძლება იყოს პროტესტის საგანი. თუ ვინმეს არ მოსწონს ფაქტის კონსტატაცია, გამოდის, რომ იმ ფაქტის ეშინია, რომლის თანამონაწილეც თავად არის“, — განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, უცხოური გრანტების მიმღებია მთავრობაც, თუმცა პარლამენტში ინიციირებული კანონის მიხედვით, ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარად“ არ ჩაითვლება.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება