მუსიკოსმა დავით ხომერიკმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს.
პირველ რიგში ის მიესალმა თედო აბრამოვის გათავისუფლებას.
„ალბათ, ის ახლა ყველაზე თავისუფალი ადამიანია ჩვენ შორის. ეს თედოს ნაჩუქარი სამაჯურია, სხვათა შორის“, — თქვა ხომერიკმა.
შემდეგ წაიკითხა წერილობითი სიტყვა:
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე კვლავ დასჯადია, ხოლო სამართალი კიდევ უფრო რთული და ძნელად საპოვნელია. ჩვენ დიდი ხანია უკვე, რაც ამ ბრძოლაში ერთად ვართ, ჩვენი საერთო სატკივარისა და ღირებულებების გამო, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება — ვიცხოვროთ ისეთ სამართლიან, მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია იმსახურებს. ერთადერთი გზა კი ამ ყველაფრის მისაღწევად, ეს იმ მავთულხლართიანი და ეკლიანი გზის გავლაა, რომლითაც სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულამდე მივდივართ. დიახ, ეს ზუსტად ის მიზეზებია, რის გამოც ჩვენ ახლა ციხეში ვზივართ და ვერ გაგვიგია, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ხმა ამოიღეს და პროტესტი გამოხატეს ძალადობისა და უსამართლობის მიმართ“.
ხომერიკმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში იზრდებოდა, სიყვარულით, სიკეთით და ღვთის რწმენით ცხოვრებას ასწავლიდნენ.
„მე დღემდე არ გადამიხვევია ამ გზიდან“, — თქვა და დასძინა, რომ თავისი სათქმელის გამოხატვაში მუსიკა ეხმარებოდა.
მისი თქმით, პროტესტს ყოველთვის მშვიდობიანად გამოხატავდა, ყველაზე ხშირად მუსიკითა და სიმღერით, რადგან სახალხო სიტყვით გამოსვლა არასდროს უყვარდა.
„თუმცა ხანდახან არის მომენტები, როდესაც სიჩუმე დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება თითოეული ჩვენგანი დააზიანოს. ყველაფერი სწორედ 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაიწყო, როცა ხალხი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა ჩვენს ქვეყანაში. მიმდინარე აქციების დროს, მთავრობამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა საკუთარ მოქალაქეებს 26 მაისი გაუმეორეს და აქციაზე შეკრებილებს სასტიკად და ძალადობრივად გაუსწორდნენ. ამ ძალადობრივი დარბევების დროს დაზარალდნენ აქციაზე მყოფი ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც სახის არეში ძალოვანი ჯგუფების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ, რამაც წარუშლელი კვალი დაატოვა მათ ჯანმრთელობაზე. ამ სისხლიანმა დღეებმა გადამწყვეტი როლი ითამაში ჩემი პროტესტის გაძლიერებაზე უსამართლობისა და ძალადობის მიმართ, რომელსაც ყოველთვის მკაცრად ვემიჯნებოდი. ეს ყველაფერი ჩემში არ არის, მაგრამ არც ის არის, რომ ამ ყველაფერზე უბრალოდ თვალი დავხუჭო, და საბედნიეროდ ვიცი, რომ ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილიც“, — განაცხადა ხომერიკმა.
მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ აქციები თითქმის აღარ გაჩერებულა და რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ხომერიკმა ხაზი გაუსვა, რომ უბედურების მთავარი გამომწვევი და პროვოკატორი ხელისუფლებაა, რომელმაც არაერთხელ გამოიყენა ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.
„მათ ეშინიათ ჩვენი ერთიანობის, რადგან იციან, რომ სიმართლე სწორედ ხალხის მხარესაა. ისინი არ თესავენ სიკეთესა და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, არამედ პირიქით, წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვებიან. რაც შეეხება ჩემს მიმართ პროკურატურის მიერ შეკერილს ბრალდებებს. ეს არის სრული აბსურდი და აბსოლუტური სიცრუე. და რა თქმა უნდა, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არ ჩამიდენია. პროკურატურას არანაირი მყარი მტკიცებულებები არ გააჩნია ჩემთვის ბრალის დასამტკიცებლად, საქმეში არც ვიდეომასალაა, არც დაზარალებული და არც რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ ფიგურირებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, პროკურორი მის მიერ გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რაზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და რომელზეც ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ“, — განაცხადა ხომერიკმა.
ყველაფრის მიუხედავად, მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მე მესმის, რომ შეიძლება თქვენც იძულებულს გხდიდნენ, რომ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგატანინონ, მაგრამ ეს ხომ თქვენი ბრძოლაცაა, სასამართლოს სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს იმედი და სჯეროდეს მისი სამართლიანობის. ხალხი იმსახურებს სამართალს, ხალხთან ერთად კი ქვეყანა — მშვიდობასა და თავისუფლებას“, — მიმართა მან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
ხომერიკმა მიმართა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც:
„თქვენ ჩემი იმედის სხივი ხართ, იმედის, რომელიც ყველაზე მეტად მავსებს და მოტივაციით მავსებს. და ეს თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია. ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“, — დასძინა მან.
დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბრს, გამთენიისას ჯერ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელზე დაუმორჩილებლობის საფუძლით დააკავეს. შემდეგ კი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას”.




