ნებართვების განაწილების მექანიზმი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებში, მუდმივად იწვევს გადამზიდავი მძღოლების უკმაყოფილებას – TCRC

ნებართვების განაწილების მექანიზმი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებში, მუდმივად იწვევს გადამზიდავი მძღოლების უკმაყოფილებას – TCRC
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ყაზახეთში წარმატებით ამოქმედდა სატვირთო გადაზიდვების ნებართვების, ე.წ. „დოზვოლების“ განაწილების ახალი გამჭვირვალე მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ნებართვების გაცემის პროცესის ავტომატიზაციას.
აღნიშნული მოდელი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ნებისმიერ ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლს საშუალებას აძლევს მარტივად გააკეთოს განაცხადი და მოკლე ვადაში, ელექტრონულ ფორმატში დაეუფლოს, მისთვის მისაღები ქვეყნის ნებართვას.
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია ნებართვების განაწილების ინდივიდუალური, საკუთარ რეალობაზე მორგებული მოდელი.
ნებისმიერი მოდელი ემყარება უნიფიცირებულ მიდგომას – საკუთარი გადამზიდველების საერთაშორისო ბაზრებზე გაადვილებულ შეღწევადობას – საბოლოო ჯამში, მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას. ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული მოდელის რიგი ელემენტები შესაძლებელია წარმატებით იქნეს გამოყენებული და მორგებული საქართველოს რეალობაზე.
ნებართვების განაწილების მექანიზმი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის მეზობელ სახელმწიფოებში, მუდმივად იწვევს გადამზიდავი მძღოლების უკმაყოფილებას. მათი განმარტებით, განაწილების მექანიზმი ბოლომდე დახვეწილი და გამჭვირვალე არ არის, რაც, პირველ რიგში, არ გამორიცხავს ადამიანური შეცდომისა და კორუფციის რისკებს.
სწორედ ამ პრობლემების განეიტრალების მიზნით, ყაზახეთში მიმდინარე წელს დაინერგა საავტომობილო გადამზიდველებისთვის, უცხო ქვეყნის ნებართვის ფორმების (ნებართვები) გაცემის ახალი მექანიზმი. ცნობისთვის, ამ დროისთვის ყაზახეთი ნებართვებს 42 ქვეყანასთან ცვლის.
საინტერესოა, რას ითვალისწინებს ყაზახეთის გამოცდილება და რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ყაზახეთის მიერ ნებართვების განაწილების აღნიშნული მექანიზმი.
პირველ რიგში, სავარაუდოდ, დრო იქნება საჭირო, რომ ადგილობრივმა სატრანსპორტო კომპანიებმა ნებართვების განაწილების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით უკუკავშირის სახით გამოხატონ საკუთარი რეაქცია.
ცნობისთვის, უცხოური ნებართვის ბლანკი (ნებართვა) წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ტვირთით საზღვარგარეთ გადაზიდვის საშუალებას აძლევს.
ყაზახეთში ნებართვების განაწილების მოდელის ძირითადი ასპექტები:
ყაზახეთში გადამზიდავისათვის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის მთელი პროცესი სრულად ავტომატიზირებულია. ამასთან, განცხადების დამუშავებისა და გაცემის ვადები წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ნებართვის მისაღებად გადამზიდავის მოვალეობაში შედის მხოლოდ E-license-ის პლატფორმაზე განაცხადის შევსება და ატვირთვა.
შედარებისათვის საქართველოს რეალობაში გადამზიდავს უხდება ძირითად ან რეგიონალურ ოფისებში მისვლა და განაცხადის ხელით შევსება. ყაზახეთის მოდელის მიხედვით, უშუალოდ განაცხადის ელექტრონულად წარდგენა მნიშვნელოვნად აადვილებს ნებართვის გაცემის პროცესს.
რაც შეეხება განაცხადის განხილვის პერიოდს ყაზახეთში ორი სამუშაო დღიდან 40 წუთამდე შემცირდა, ხოლო ნებართვის გაცემის პერიოდი – 8 დღიდან 1 დღემდე.
ყაზახეთში განაცხადეის განხილვისა და გაცემის ვადების მინიმუმამდე შემცირებამ, საქართველოსგან განსხვავებით, გამორიცხა დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემის აუცილებლობა რაც თავიდანვე გამორიცხავს გადამზიდავის მიერ დამატებითი თანხის გადახდას.
ცნობისთვის, ქართველი გადამზიდველი დაჩქარებული წესით მომსახურებისთვის ნებართვის ღირებულების დამატებით 43%-ს იხდის – ჩვეულებრივი ნებართვა 70 ლარი ღირს, დაჩქარებული – 100 ლარი, მესამე ქვეყნის ნებართვა 140 ლარი, დაჩქარებული – 200 ლარი.
ნათელია, რომ საქართველოში ყაზახეთის ანალოგით, გამარტივებული ელექტრონული წესით განაცხადის გაკეთება და დაჩქარებული მექანიზმის რგოლის ამოგდება გადამზიდველისთვის მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვას გამოიწვევს.
პრაქტიკაში ქართველი გადამზიდველი მძღოლების უმეტესობა ნებართვის მიღების დაჩქარებულ მექანიზმს იყენებს.
ყაზახეთის მაგალითზე შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ საავტომობილო გადაზიდვების ბაზრისთვის მისადაგებული ელექტრონული სისტემის გამოყენების პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს და მისი დაუხვეწელობა გადამზიდველის მიერ არ უნდა იქნეს ანაზღაურებული.
ყაზახეთში ნებართვების გაცემის სისტემა გადამზიდველის წინა პერიოდის მონაცემების შესწავლას ეფუძნებოდა და წინა წლის მუშაობას ან საერთაშორისო გადაზიდვებში მათ გამოცდილებას ითვალისწინებდა.
ახალი წესები არანაირ შეზღუდვას სატრანსპორტო საშუალების გამოყენების წინა პერიოდზე ან იმაზე, თუ რამდენად აქტიურად გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალება წინა წელს, არ აწესებს.
ეს ნიშნავს, რომ ნებართვის მიღების შესაძლებლობა გააჩნია ნებისმიერ პირს, ვისაც გააჩნია საჭირო დაშვება (სატვირთო გადამზიდავის დაშვების ლიცენზია), რაც მნიშვნელოვნად ზრდის გადამზიდველების სეგმენტს შორის კონკურენტუნარიანობას.
აღნიშნული პრობლემა საქართველოში მოგვარებულია და ნებართვა გაიცემა დაუბრკოლებლად, მიუხედავად იმისა, წინა პერიოდში რამდენი გადაზიდვა განახორციელა გადამზიდველმა.
ყაზახეთში ახალი წესებით გაცემულ ნებართვაზე მითითებას ექვემდებარება, კომპანიის დასახელება და ავტომობილის რეგისტრაციის სახელმწიფო ნომერი.
ახალი მექანიზმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების საზღვრის დატოვების ან საზღვარზე შესვლის ფიქსაცია საინფორმაციო სისტემის „Беркут“-ის მეშვეობით ხორციელდება.
აღნიშნული საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თავის მხრივ, გამორიცხავს ნებართვების ჩრდილოვან ბაზარზე გადაყიდვის შესაძლებლობას.
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ერთიანი ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა „Беркут“ ი უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.
ფაქტობრივად, ნებართვის გაცემის შემდეგ მყარდება ელექტრონული კავშირი ყაზახეთის უშიშროების პორტალ „Беркут“-თან, რაც გამორიცხავს ნებართვის სხვა გზებით გადაყიდვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გაცემულ ნებართვაზე ხორციელდება კომპანიის დასახელებისა და სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის მითითება, მაგრამ უცნობია, რამდენად არსებობს საინფორმაციო კავშირი „Беркут“-ის ანალოგიურ პორტალთან და რამდენად ფუნქციონირებადია ეს კავშირი.
ყაზახეთში ახალი მოთხოვნის თანახმად, ნებართვის მიღებიდან გადამზიდველმა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა უნდა განახორციელოს 30 დღის განმავლობაში.
წინა მექანიზმის მიხედვით, ეს პერიოდი 100 დღეს შეადგენდა. ბუნებრივია, დროითი ინტერვალის ასეთი შეზღუდვის პირობებში იზრდება ნებართვის მიზნობრივი გამოყენება, რაც თავიდან აცილებს კომპანიებში ნებართვების მარაგების დაგროვების მავნე პრაქტიკას და ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას.
ყაზახეთის მასმედიაზე დაყრდნობით, ნებართვების განაწილების ახალი მექანიზმის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა საკუთარი გადამზიდველების სხვადასხვა ქვეყნებში შეღწევადობა, უზრუნველყო ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიისთვის ბაზარზე თავისუფალი წვდომა და გაზარდა მათი კონკურენტუნარიანობა.
გარდა ამისა, ახალი მოდელის გამოყენება ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და მინიმუმამდე ამცირებს როგორც კორუფციას, ასევე გადაზიდვებში ჩართული ბიზნესის ხარჯებს.
ყაზახეთის გამოცდილების რიგი ელემენტები შესაძლებელია წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ნებართვების გამჭვირვალედ განაწილების მიზნით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით აქვეყნებდა გახარჯული და დარჩენილი ნებართვების რაოდენობას.
ასეთი მიდგომით, ნებისმიერი ნებართვის მაძიებელი გადამზიდველი თვითონ აკონტროლებდა გახარჯული და დარჩენილი ნებართვების რაოდენობას, რაც უდავოდ პროცესს ანიჭებდა დამატებით გამჭვირვალობას.
უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით ნებართვების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარ გვერდზე გამოქვეყნების პრაქტიკა გაურკვეველი მიზეზებით გაქრა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ რატომღაც შეაჩერა და გააუქმა ეს სისტემა.
ბუნებრივია, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო კომუნიკაციების დიჯიტალიზაცია და ამ მიმართულებით სახეზეა რეგიონის ქვეყნებში ნოვაციები, აუცილებელი იქნება უახლოეს მომავალში ნებართვების განაწილების, ქართველ გადამზიდველზე მორგებული გამჭვირვალე ელექტრონული მოდელის დანერგვა.
transcor.ge