ნეაპოლში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი 37 წლის ნათია ქადარია, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი ზუგდიდიდან იყო.
“ხომ იცით, გაჭირვება ყველაფერს ავიწყებს ადამიანებს და წავიდა.
სახლი იყიდეს და სახლს მოვაწყობო და აი ვერც მოასწრო, გოგო ახლა ამთავრებდა სკოლას და მისთვის შევაგროვებო და წამოვალო აპრილის ბოლოს მოდიოდა და ვერც დასცალდა.
წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში.
გარდაცვალების დღეს, თავის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცაო.
ტელეფონი ხომ გაუვარდა ხელიდან საათ ნახევარი ვეძახოდიო, დედა დედაო და არ მპასუხობდაო. ანუ ნახეს რომ წაიქცა და ის ვისაც უვლიდა ის ქალიც ყვიროდა თურმე და მერე მიხვდნენ რომ გარდაიცვალა.
სასწრაფო რომ მოვიდაო იმათი ხმაც გვესმოდაო და მერე აიღესო ტელეფონი იატაკზე იდო ალბათ. სასწაული ნახა თავის შვილმა ასეთი ბედისწერა არ ვიცი მართლა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
ცხედრის ექსპერტიზას 10-15 დღე დასჭირდება,რის შემდეგ იტალიიდან ჩამოასვენებენ ზუგდიდში თავის სახლში და მერე ენგურის ხიდით გადასვენებენ ოკუპირებულ გალში.
“განა ეს იყო დედი ჩვენი ბოლო შეხვედრა? რატომ დე რატომ? ღმერთმა რატო გამწირა ისე რომ უდედოდ გავაგრძელო ცხოვრება. უშენოდ გული მიკვდება ცივი მიწისთვის როგორ გაგიმეტო დე.
უშენოდ რომ ვერ ვძლებდი ერთმანეთს სულ ვურეკავდით ახლა ვის დაველაპარაკო?
თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატო მანახე ცოცხლად მომკალი , რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო არ გაგიშვებდი დე არაა“, – წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.