“ნახეთ, ბადრიჯანს იფარებს, როგორი ცოდოა, ფეხი არ გაფშიკოსო – მარკეტში შეხლა-შემოხლის flash back” – ალეკო შუღლაძე

აი, ისიც, მარკეტში მორიგი შეხლა-შემოხლის flash back:
ორივე ხელში პარკი მეჭირა, თავზე პარიკი მეხურა, კბილებით კი მესამე ჩანთას ვათამაშებდი, თან ვიღრინებოდი, უკნიდან ვიღაც მაწვებოდა და წინ მე ვაწვებოდი ვიღაც გაჭედილს, რომელსაც სამი ბარათიდან არცერთზე თანხა არ ჰქონდა, – როცა მივხვდი, რომ რკინის კალათის თავის ადგილზე დაბრუნებას მხოლოდ ფეხის ოსტატური გაკვრით თუ მოვახერხებდი და ასეც მოვიქეცი. კალათა, მარჯვენა ტერფის გარე მხრით, საოცრად ტექნიკურად მოვჭერი და ბოსტნეულებში შევასრიალე. და არ დააყოვნა კონსულტანტის გაცოფებამ, ის საიდანღაც მესამე იარუსიდან გადმოხტა და ჩემ წინ დახტა. ვიფიქრე, შპაგით განმეგმირა სანამ ჰაერში იყო, როგორც ზორო კლავს ესპანელს, მაგრამ შპაგა არ მქონდა… ამიტომ დიდი ბადრიჯანი ავიფარე. მან კი დამიწივლა: „შე უზრდელო, კალათას ფეხი როგორ გაკარიო…“ და ატყდა ჩხუბი, ისინი სამნი იყვნენ, მე მარტო, ერთი ქალი წამომეშველა, ჩემზე უთხრა, მოხუცი კაცია, ნერვული, კლიმაქსიანი, შეეშვით, ნუ ეჩხუბებით, ნახეთ, ბადრიჯანს იფარებს, როგორი ცოდოა, ფეხი არ გაფშიკოსო… გამოვარდი, წამოვედი, ბადრიჯანი ზურგს უკან მოვისროლე, კლიმაქსი არ მქონდა და დამემართა… მაგრამ ეს მინიატიურა სხვა რამეზეა… მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი და მესიამოვნა. მახარებს ცოცხლების უპირატესობა მკვდრებთან შედარებით, ფეხის გაკვრა, სარკასტული ფრაზა, უზრდელური ქცევა საზოგადოებაში… ყოველთვის მახარებდა კარგი მოჭადრაკე კომპიუტერს რომ ამარცხებდა. მაგრამ ამბობენ, კომპიუტერი ისეთ დონეზე დააპროგრამეს, ადამიანი ვერ უგებსო. ეს მოსალოდნელი იყო, ისინი ხომ უბრალო ფიგურები არიან, მხედარი ვერ ფიქრობს, მხოლოდ დახტუნაობს, ლაზიერიც საკმაოდ სწორხაზოვანია, თანაც სულ გარე-გარე დარბის, მეფე არც ახსოვს, – და ამიტომაც გამოუთვალეს ყველა კომბინაცია და მოიმწყვდიეს ელექტრონულმა კუებმა და ოფიცრებმა კუთხეში. აი, მწერლობა კი სხვა ამბავია: აქაც კომბინაციაა, მაგრამ სიტყვების კომბინაციას სხვა მაგია აქვს: მათ გადალაგებას, მასში ჩადებულ ძალისხმევას, ქვეტექსტს, ჯადოქრობას, რომელიც სიტყვებსა და ფრაზებს შორის ცხოვრობს. და აი, კლიმაქსიანს და შერცხვენილს გამახსენდა, რომ მოთხრობების კრებულს ვამთავრებ. მომბეზრდა ცნობიერების ნაკადის ფრქვევა და სიუჟეტი დავაბრუნე ჩემს ლიტერატურაში, შინაარსი, თავგადასავალი… ასე გავაგრძელებ ამიერიდან და არ ვიცი, რა ღირებულება ექნება მთლიანობაში, მაგრამ ერთი რამეს ვაცნობიერებ:
ისეთი წიგნი უნდა დავწერო, ხელოვნური ინტელექტი ნაკერავზე რომ გაიხეს, ნერვიულობისგან მაზერ ბორდები და დედა პლატები გადაეწვას, მეხსიერება მილიარდი ტერაბაიტი გაუხდეს, მსგავსი ვერაფერი შექმნას.

ასევე დაგაინტერესებთ