„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოზე ტრამპის გამარჯვების შესაძლო გავლენას ეხმაურება და ირწმუნება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც ერთნაირი პოზიცია ექნებათ.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ნეტგაზეთთან თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა კომენტარი.
„ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. „მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ სიყალბე, ხმების მიტაცება და ა.შ. არავინ არ ჩამოვა აქ უცხო ქვეყნიდან და ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს, ვინც არ უნდა იყოს ის.
ჩვენ გვაქვს ახლა კონკრეტული საკითხები, რომელსაც უნდა მოვერიოთ ჩვენი ძალებით. ამის მერე დაგვეხმარება შეერთებული შტატები, რომელიც ისტორიულად არის ჩვენი პარტნიორი.
შეერთებულ შტატებს ჰყავდა რესპუბლიკელი პრეზიდენტიც, დემოკრატი პრეზიდენტიც, მაგრამ მიდგომა, არაღიარების პოლიტიკა, ეკონომიკური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა ჩვენ სულ გვქონდა. ეს არ შეწყვეტილა, არც შეწყდება, გაგრძელდება, მაგრამ კორუმპირებულ მთავრობას, მთავრობას, რომელიც ხალხს ართმევს ნების გამოხატვის შესაძლებლობას, არც რესპუბლიკელი და არც დემოკრატი არ შეეგუება.
ვინმეს არ ეგონოს, რომ ტრამპის მოსვლით ამათ უმსგავსობას ვინმე მხარს დაუჭერს, პირიქით. აგერ თქვენ და აგერ — მე. როგორი გამოხმაურება ექნება ტრამპის ადმინისტრაციას იმ სიყალბეზე, რაც აქ მოხდა, მაგას ნახავს ქოცმმართველობა“, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.