ნაციონალური სამოსი, ბრწყინვალე გამოსვლა და საქართველოს სახე Miss Grand International 2025 – ზე: როგორ წარსდგა თეონა კბილაშვილი საერთაშორისო კონკურსზე – Marao
სილამაზის, კულტურისა და მშვიდობის გზავნილით გამორჩეული საერთაშორისო კონკურსი Miss Grand International 2025 18 ოქტომბერს ბანგკოკში, ტაილანდის დედაქალაქში გაიმართა. წლევანდელი შოუ განსაკუთრებული იყო როგორც მასშტაბით, ისე სიახლეებით – კონკურსმა ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი 35 წლამდე გაიზარდა, რაც ქალებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
კონკურსში მონაწილეობდა 77 ქვეყნის წარმომადგენელი, ხოლო ფინალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მსოფლიოს ათობით ტელევიზიითა და ონლაინ პლატფორმით. საღამო გამორჩეულად გრანდიოზული იყო, ბრწყინვალე შოუ, სცენოგრაფია, ეროვნული კოსტიუმების წარდგენა და ცნობილი მომღერლების გამოსვლები ერთად ქმნიდნენ იმ ატმოსფეროს, რაც Miss Grand International-ის დამახასიათებელი ნიშანია.
2025 წლის გამარჯვებული გახდა ემმა მერი ტიგლაო — ფილიპინების წარმომადგენელი, რომელიც დაჯილდოვდა ტიტულით Miss Grand International 2025. მისმა გამარჯვებამ ფილიპინელთათვის ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ქვეყანამ მეორე წელია ზედიზედ მოიპოვა ეს ტიტული. მეორე ადგილი დაიკავა ტაილანდის წარმომადგენელმა სარუნრატ პუაგპიპატმა, ხოლო ტოპ-5-ში მოხვდნენ ესპანეთის, განასა და ვენესუელას წარმოამდგენლები.
ტიგლაოს გამოსვლა და ფინალური სიტყვა დიდი ემოციით აღინიშნა: მან მშვიდობის, განათლებისა და ქალთა უფლებების მხარდაჭერაზე ისაუბრა. თემებზე, რომლებიც Miss Grand International-ის მთავარი ღირებულებაა.
წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით აღელვებული მომენტი იყო საქართველოსთვისაც: 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა დაბრუნდა საერთაშორისო კონკურსზე. საქართველოს სახელით მონაწილეობდა მოდელი თეონა კბილაშვილი, რომელიც ბოლო წლებში აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს მოდის სფეროში.
თეონამ ყურადღება მიიპყრო თავისი ელეგანტურობით, ბუნებრივი ქარიზმითა და ეროვნული კოსტიუმით, რომელიც ქართველი დიზაინერების ხელწერით შექმნილი ტრადიციული ელემენტებით იყო გამორჩეული. მოდელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი მიზანი იყო საქართველოს კულტურის წარმოჩენა მსოფლიო სცენაზე:
„საქართველო ყველგან გულით დამაქვს. ახლა კი, როცა Miss Grand International-ის სცენაზე ვიდექი, მეგონა, მთელი ჩემი ქვეყნის ხმა მესმოდა. ეს მხოლოდ კონკურსი არ არის – ეს არის კულტურების დიალოგი და შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი სილამაზე და სული.“
თეონა კბილაშვილი ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა.
Miss Grand International 2025 წელს გამოირჩა ინკლუზიურობითა და სიახლეებით. ორგანიზატორებმა გააფართოვეს ასაკობრივი ზღვარი – მონაწილეობის უფლება ახლა უკვე 18-დან 35 წლამდე ქალებს აქვთ, რაც კონკურსს უფრო მრავალფეროვანსა და თანამედროვეს ხდის.
გარდა ამისა, წელს დიდი როლი ითამაშა სოციალური მედიის მხარდაჭერამ — სპეციალური კატეგორია „Miss Popular Vote“ მაყურებლის ხმების მიხედვით განისაზღვრა, რაც მაყურებელს უშუალოდ ჩართვის საშუალებას აძლევს.
კონკურსის ორგანიზატორებმა კვლავ გაუსვეს ხაზი მთავარ გზავნილს – Stop the War and Violence – რაც მიზნად ისახავს მშვიდობის, თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობას.
