„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი სხდომის განსახილველი თემაც 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. სხდომა 27 მარტს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.
“გუშინდელი სხდომის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არაერთმა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ ს მმართველობის პერიოდში, მინიმუმ ორჯერ გაიარა „ბეწვის ხიდზე“ და აიცილა 2004 წლის აგვისტოში და შემდეგ 2006 წელს საომარი მოქმედებები, ანუ [აიცილა] აგვისტოს ომი 2 და 4 წლით ადრე.
ჩვენთან დღეს იქნებიან გამოკითხვაზე ახსნა-განმარტებისთვის ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ბატონი ზაზა გოგავა, ბატონი [მამუკა] ყურაშვილი და ასევე, ბატონი [შალვა] ჯანაშვილი, რომელიც ომის დროს გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ.
მან ასევე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ კომისიაზე მისვლის შეეშინდათ.
“მე მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ მათ შეეშინდათ კომისიაზე მოსვლის. შეეშინდათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაენახა მათი რეალური სახე, რადგან მათი რეალური სახე არის ძალიან მახინჯი”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში ს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც. კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.