პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება.
ცვლილებების საჭიროების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ისაუბრა, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ კომისიის ხელმძღვანელად აირჩიეს.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიმართულებით რეგლამენტში ცვლილებების ასახვის საკითხი წულუკიანმა კომისიის პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე დასვა და როგორ განაცხადა, ის „თანამედროვეობას მეტად უნდა მოერგოს“.
„კარგი იქნება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მარეგულირებენ ნორმებში, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, კოლეგებს გარკვეული ცვლილებები შევთავაზოთ – იქნება ეს სამუშაო გრაფიკის საკითხი, საგამოძიებო კომისიის თითოეული წევრის უფრო მეტი უფლებამოსილება, რომელიც დღეისთვის შეზღუდული არ არის, მაგრამ კომისიის თითოეულ წევრს შეუძლია უფრო მეტი აკეთოს.
არ მახსენდება ასეთი ტიპის კომისია, რომელმაც ცხრა წლიანი პერიოდი უნდა შეაფასოს და ზღვა, მოცულობითი მასალა შეისწავლოს. თითოეულ წევრს უფრო მეტი უფლებამოსილებით აღჭურვა დასჭირდება. არის კიდევ სხვა ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები, რათა რეგლამენტში ცვლილებები შევიდეს და სწრაფად მუშაობა შევძლოთ. სამუშაო მოცულობითია და პარლამენტის რეგლამენტი თანამედროვეობას იქნებ მეტად მოვარგოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით იმუშავებს.
„ყველა მიმართულებით ყველა საქმეს ვერ გავწვდებით, მაგრამ იმდენად კი გავწვდებით, რომ კომისიის დასკვნაში ყველა მიმართულება იყოს – არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება, სისხლის სამართლებრივი ბლოკი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა. ასევე არის არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თემა რატომღაც აღარ ისმის – როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ. რეჟიმის დასახასიათებლად ესეც შესასწავლი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც წულუკიანმა განაცხადა, ომის ნაწილში, დაინტერესდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით.
„ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობაზე, რომლებიც რეჟიმმა გაწირა და შემდეგ, როდესაც არაერთი მათგანი გმირულად დაეცა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, ისინი არც კი გადმოასვენეს ისე, როგორც ეს ეკადრება სამშობლოსთვის დაცემულ ადამიანს. ბევრი, შემდეგ დააპატიმრეს და ბევრს, თუ არ დააპატიმრეს ის სამუშაო პირობები მოუშალეს, რომელიც მანამდე ჰქონდა შექმნილი და დევნასა და ჩაგვრაში ამყოფეს მრავალი წლის მანძილზე. ამიტომ, ჩვენ პირიქით, რაც შეეხება ჯარს და ჯარისკაცს, ჩვენ მათი შელახული უფლებების გამოკვლევაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ომის ნაწილში, როგორც აქ აღინიშნა, დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად, რომ თუნდაც ის ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელ კვალზე, ასე ვთქვათ, მოგებულიც ყოფილიყო. სად წავიდა და რატომ წავიდა ქვეყნიდან აბსოლუტურად ყველანაირი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე „ისკანდერი“, რომელიც რუსმა გორში ჩამოაგდო და როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გენერლებს ვუპირისპირდებოდით ფოტოს მეტი მე არაფერი არ მქონდა. დავდიოდი ამ „ისკანდერის“ ფოტოთი და ვამტკიცებდი, რომ ეს, ის არის, რაც რუსეთმა გორში ჩამოაგდო და ისინი დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფოტოშოპია. სანამ ჩვენ არ დავაბრუნეთ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ამას ზოგიერთი ახალგაზრდის გასაგონად ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი „ისკანდერი“ – „ისკანდერია“, ის არ არის პასტის წონა ხომ? „ისკანდერი“ ჩამოვიტანეთ ქვეყანაში, ამდენი ტონა და დავდეთ სტრასბურგში მაგიდაზე „ისკანდერი“, ვთქვით, რომ აი, ეს არის, რაც ჩამოაგდო რუსეთმა. თავისი სერიული ნომერიც იყო იქ. სხვა მხრივ, ვეღარ ვიგებდით იმ დავას რუსეთში. ამიტომ, ყველაფერი ეს, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა, რა თქმა უნდა, იქნება შესასწავლი.
ამ კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი უნდა იყოს დასკვნა, რომელსაც ჩვენ უკვე დღეიდან გთავაზობთ, ასეთი თვალით შევხედოთ – ბევრჯერ გვითქვამს, დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანებიდან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს შეგვხვედრია უკვე მოქალაქე, ქართველი, სრულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა და მან არ იცის, რასაც ვუყვები, ჰგონია, რომ ზღაპრის რომელიღაც წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს ვუყვები. ჩვენი მიზანი ამ დასკვნით უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, რომ შევმატოთ ისტორიას შტრიხები. ამიტომ, მეთოდი უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა, რაღაც შეფასებითი. ახლა, მე პოლიტიკურად, ვინ მიყვარს და ვინ, არ მიყვარს ამაზე არ არის საუბარი, ეს უნდა გადავდო მე გვერდზე, ისე როგორც თქვენ (კომისიის წევრებმა) და ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი, ახალგაზრდაა, თუ მომავალი ახალგაზრდა და სრულწლოვანი, გადაშლის და 30-40-50 და მეტი წლის მერე ჩაიხედავს და ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. აი, ეს არის მთავარი. ამიტომ ფაქტები არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან მიმართა მოქალაქეებს, რომ თუ გადაწყვეტენ მიმართონ კომისიას, უნდა წარმოადგინონ, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
„მინდა მივმართო ასევე მსხვერპლებს, ჩვენ გვაქვს მექანიზმი, რეგლამენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხდომა, როგორც ახლა „ლაივში“ გადაიცემა, ტელევიზიები გააშუქებენ, თუ საჭიროდ ჩავთვლით ან დაზარალებული ან მსხვერპლი, რომელიც ჯერ დაზარალებულად არ ყოფილა ცნობილი მოგვმართავს, მისი თხოვნით, სხდომა დაგვხუროთ. სხდომა რომ დაიხურება, იმ დახურული სხდომის პირობებში შექმნილი მასალები ჩვენ გვექნება უფლება, რომ გვარი-სახელი დაიშტრიხოს და ისტორიას გვარი და სახელი კი არ შემორჩეს, არამედ ფაქტი, ამბავი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/afxazava_lado-300x164.webp)