დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ვიკითხები, რადგან პოლიციის შენობაში დაკითხვაზე უარი განვაცხადე – სისტემას რაც სურს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერის დაცვა, ფაქტობრივად, ფიზიკურად მოგვიწია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა მოძალადე ადამიანები, რომელთაც სურდათ, ნოდარ დუმბაძის სკვერი გაესხვისებინათ“.
„ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სასამართლოს დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლა მოძალადე ადამიანები, რომლებიც ჩიგოგიძის დაქვემდებარებაში არიან და რომელთაც სურდათ, ნოდარ დუმბაძის სკვერი გაესხვისებინათ და გაეყიდათ. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, მე დღეს ვიკითხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, რადგან პოლიციის შენობაში დაკითხვაზე უარი თავიდანვე განვაცხადეთ. რაც შეეხება მოლოდინებს, სიმართლე გითხრათ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ ადამიანების მხრიდან. რაც სისტემას სურს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ხალხის, ჩემი კოლეგების ჩართულობით, ფაქტობრივად, ფიზიკურად მოგვიწია ამ სკვერის დაცვა და თავისი გადაწყვეტილების უკან წაღება მათ მოუწიათ. ისეთ უნამუსობას აკეთებდნენ ეს ადამიანები, რომ ჩიგოგიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დაუქნიეს თითი და ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვაპროტესტებდით, რომ ეს არის უკანონობა, თავად დაადასტურეს“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილს ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, ენმ-ის წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს დაკითხავენ.