„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვა.
მისი სიტყვებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომლებსაც “ქართული ოცნება” გაუქმებას უპირებს. “ქართული ოცნების” მცდელობას, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალ შესაძლებლობად განიხილავს.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს – ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
კიდევ ერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც “ქართული ოცნება” აპირებს, “ლელო – ძლიერი საქართველო“, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას „გამარჯვებისთვის“.
დღეს, 28 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას:
· „ნაციონალური მოძრაობა“;
· „ლელო – ძლიერი საქართველო“;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“;
· ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, პარტიების, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.
ფორუმი




