ნაცვლიშვილი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს თავდებში უდგება

პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატი თავდებში უდგება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდებს, რომელთაც ბრალად რკინის ჯებირის დაზიანება ედებათ.
„დღეს კვლავ მინდა გამოვეხმაურო უპრეცენდენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ სასამართლო აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქეებთან ერთად იცავდა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან, ამ ადამიანებს ხელისუფლება უპირებს, რომ 400-ლარიანი, დროებითი რკინის კონატრუქციის, როფორც პროკურატურა ამბობს, დაზიანების გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, მრავალი წლით გაუშვას ეს ახალგაზრდა ადამიანები ციხეში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ბრალი არც კი დამტკიცებულა, უკვე მერამდენე თვეა ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
„დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავმდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან, მაგრამ ნუ არიან ისინი ხელისუფლების მიერ გამომწყვდეულები საპატიმროში.
სასამართლო პროცესები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ მანამ, სანამ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით, მათი ციხეში ყოფნა, რაც გავეცანი რა სამართლებრივ დოკუმენტებს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მზად ვარ, რომ პირადად თავდებში ჩავუდგე ამ ადამიანების გათავისუფლებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სასამართლომ პატიმრობაში დატოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები, 19 და 23 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც ბრალდება პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული დროებითი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება — ბრალის დადგენილების მიხედვით, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, 400 ლარია. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც ადვოკატი ყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კი მამას, რომელიც ხელოსანია — მშენებლობაზე ეხმარებოდა.