პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შედეგად პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა „ლელოდან”, ანა ნაცვლიშვილმა, „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში დაადანაშაულა.
„არ მიმაჩნია, რომ „გირჩი“ არის მთავარი მოპასუხე, მაგრამ ძალიან მოხერხებულად გამოიყურება ეს ვითარება, როდესაც ამ კანონპროექტის მიღება სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და „გირჩი“ სრულად გააზრებულად და გამიზნულად ეხმარება მათ ძალიან ცუდ თამაშში… ფორმალურად, „ქართული ოცნება“ არ იქნება მოპასუხე და ამიტომ მათთვისაც მოსახერხებელია ეს თამაში და „გირჩისთვისაც“, – თქვა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის წევრი ვერ იხსენებს ოპოზიციის სხვა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დაჩქარებული წესით განხილვასაც მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ.
„მაინც ამხელა გარიგებაში რომ შეხვედით და სერიოზული რეპუტაციული ზიანისთვის რომ ხართ ალბათ მზად, „ოცნებასთან“ გარიგების შედეგად რა სარგებელს იღებთ იმ მრავალმილიონიანი კორუფციით ნაშოვნი ქონების მფლობელი მაჟორიტარებისგან. თუ შეგიძლიათ, ღიად ისაუბროთ ამ საკითხზე, – მიმართა ნაცვლიშვილმა „გირჩის„ წევრებს და დაამატა, – ჩვენთვის ნათელია, რომ რეალურად, მიზანი არის ადგილობრივი ფეოდალებისთვის სიაში ადგილის გათავისუფლება, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან „ქართული ოცნების“ სიაში და ეს არის შესაძლებლობა, შემოუაროთ კანონს და კონსტიტუციურ განაწესს“.
1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. შეთანხმების თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას.
სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.
„ლელოს” საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, პარტიული სიის შედგენისას „ლელო“ მაინც დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის” სარჩელი.