კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის სპიკერის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიის დელეგატების წარდგენა დასტურია, რომ ქართული ოცნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქართული ოცნება “გათვლას აკეთებს ადამიანებზე, რომლებიც არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც არასდროს წარმოადგენენ ქართველ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს”.
“რუსეთის მსახური ხელისუფლება მარცხდება გარდაუვლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ე.წ. დელეგატებისა, იმ ოდიოზური ფიგურების, რომლებსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან, არასდროს წარმოადგენდნენ ქართველ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები, კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის არაკანონიერი გზებით ადგილებზე და სწორედ მათზე აკეთებს გათვლას კვლავ ქართული ოცნება.
რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ ფაქტი არის ერთი – მაჟორიტარული სისტემა საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია, ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც ქართული ოცნება ხალხს ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები, სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, მათ კარგად იცნობს ქართველი ამომრჩეველი, ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით, ბევრი მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერია, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან.
ესენი არიან წარსულის ადამიანები და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ წარსულის ადამიანებს მიუჩენს საკადრის ადგილს, საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას, პროგრესს ძლიერი საქართველოს ასაშენებლად”, – თქვა მან ბრიფინგზე.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დელეგატების ნაწილი წარადგინა.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დელეგატების სისტემა შემოიღო. პარტია ამტკიცებს, რომ ეს ამით ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის გამყარება და ნაკლოვანების აღმოფხვრა სურთ.
დელეგატების სია