ლელო საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების უწყვეტ პროტესტს ეხმაურება და სახალხო დამცველს საქმეზე ანგარიშის მომზადებას სთხოვს.
ის ასევე მოუწოდებს შრომის ინსპექციას, საკითხით დაინტერესდეს და დროულად შეისწავლოს საქმის დეტალები. ანა ნაცვლიშვილი ასევე პერსონალური დაცვის სამსახურის ჩართულობის აუცილებლობაზეც მიუთითებს.
“მივმართავ შრომის ინსპექტორს და ვითხოვ მისგან ანგარიშს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაოები ჩაატარა მისმა უწყებამ ამ დრომდე იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მოკვლეული სრული სურათი, რაც ხდება კომპანიაში და შესაბამისი რეაგირება განხორციელდეს, რის გამოც არის შექმნილი ეს უწყება.
ასევე, მინდა მივმართო სახალხო დამცველს, მე ვნახე მისი რამდენიმე საჯარო განცხადება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკითხის აქტუალობის და სიმძიმის გათვალისწინებით სახალხო დამცველმა ევოლუშენ ჯორჯიას საკითხთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს სპეციალური ანგარიში და ეს სპეციალური ანგარიში წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს.
ასევე, დღესვე წერილობით მივმართავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასევე გამოვითხოვ მისგან დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, ეს უწყება რას აკეთებს იმიტომ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, მაღალი ალბათობით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების დაცულობის შელახვას კომპანიის მხრიდან”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენი ათავისუფლებს თანამშრომლებს, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ. გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.
ევოლუშენის 4000-ზე მეტი თანამშრომელი ამ დრომდე გაფიცულია. ისინი ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.