ნაყოფიერი სამუშაო რეჟიმი იყო. ინიციატივები ბევრ სეგმენტში იყო – კვერღელიძე კობახიძესთან შეხვედრაზე

„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძის შეფასებით, ბიზნესს ირაკლი კობახიძესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, მათ ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს და სხვადასხვა სექტორში ინიციატივები დასახელდა. როგორც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დეველოპმენტის მიმართულებითაც კონკრეტული ინიციატივა იყო, რაც ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, დაახლოებით, 2 საათი გაგრძელდა.
„საკმაოდ კარგი, ნაყოფიერი სამუშაო რეჟიმი იყო. საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან აზრები. ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა კვერღელიძემ.
კითხვას – “იყო თუ არა საუბარი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე”, „ორბის“ გენდირექტორი ასე პასუხობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის პარამეტრია. ამით საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორისაც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
ინიციატივები პრაქტიკულად ბევრ სეგმენტში იყო – ჯანდაცვის, დეველოპმენტის, ტრანსპორტის, მომსახურების სექტორებში, ასე რომ საკმაოდ ბევრია, რაზედაც ცალკე საუბარი გამიჭირდება.
დეველოპმენტში პირველი თემა, რაც დაინიიცირდა ეს იყო წახალისების მიზნით უცხოეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული სტიმულების გაკეთება, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ საქართველოში ინვესტიციების შემოტანის“, – განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
ის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ დასმულ კითხვებს პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ პოლიტიკური თემები სენსიტიურია.
„პოლიტიკას არ მინდა რომ ავურიოთ… ასე ვთქვათ, ჩვენ დღეს მთავრობასთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ საკითხებს. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ამ თემაში ვერ შევალ, ნებისმიერი თემა რომელიც პოლიტიზირებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კვერღელიძემ.