ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა

“სერიიდან:
რა ამბავ მოხდა ეღოსა…
ქ- ნი წულუკიანის კომისიის მორიგ სხდომაზე ჟურნალისტი გამოჩნდა, იმ დროზე ლაპარაკობდა, როცა ტვ იბერიას კორესპონდენტი იყო. ცოტა ხანს იმუშავა ჟურნალისტ/ კორესპონდენტად და მერე დაიხურა კიდეც ტვ იბერია მაშინდელი მთავრობის უსამართლო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად.
2004 წლის თებერვალის ამბებზე საუბრობდა იბერიას კორესპონდენტი, – ჩვენთან შემოვარდნენო, ნიღბებითო, სპერაზმელებითო,
ტელევიზიაშიო, გაზეთშიო, სააგენტოშიო, სტამბაშიო, ჩვენ ხომ ჰოლდიგი გვქონდაო.
ფაბრიკაშიც შევარდნენო, გვესროლესო, რაც დაგვაბრალეს, სულ ტყუილი იყოო და ყვებოდა და ყვებოდა რაც ნახა და გაიგონა იმ დროს და იმ გარემოში.
ვუყურებ და მიკვირს:
ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა და მას სთხოვენ, მოგვიყევი იბერია როგორ დახურესო, ტყვიები როგორ ისროლესო, ხალხი როგორ დატოვეს უმუშევარიო…
სხდომაზე თანამშრომელს იწვევენ და ეკითხებიან, რადგან: იბერია როცა დაიხურა 2004 წელს მაშინდელი სამთავრობო ძალადობით, ამის აღნიშვნ/აღწერა კი უნდათ, მაგრამ ზუსტად იგივე იბერია რომ დაიხურა 2018 წელს ახლა უკვე ქართული ოცნების მთავრობის ძალადობით, ამის გახსენება არ ნებავთ.
ომეგას გაწეწვა რომ უნდოდა წინა მთავრობას და ცრუბრალდებებით სპეცრაზმით შეუვარდნენ და გააჩერეს კომპანია და ახლა უი, უი, ამდენი თანამშრომელი უმუშევარი დარჩაო?.. ყასიდი თანაგრძნობით რომ კითხულობენ და თავებს აქეთ/იქით რომ იქნევენ კომისიის წევრები,- ამის ჩაწერა/აღნუსხვა კი უნდათ, მაგრამ მაგათმა მთავრობამ რომ მოინდომა ომეგას გაწეწვა 2015 წლიდან დაწყებული და სრულად რომ გააჩერა ომეგას მუშაობა და უამრავი მომუშავე ადამიანი რომ უმუშევარი დარჩა, ამის სტატისტიკა, ცხადია, არ უნდათ.
– 2004 წელს ტვ იბერიას დახურვის საკითხი გამოიძია ქართული ოცნების პროკურატურამ და დამნაშავედ ცნო მაშინდელი გენერალური პროკურორიო, – ამის აღნიშვნა კი უნდათ, და დაზარალებულ იბერიას რომ კომპენსაცია არ ეკუთვნისო, ასე რომ გადაწყდა ამათ კლანურ სასამართლოში, ამის გახსენება აბა რად ენდომებათ.
სამაგიეროდ,
2018 წელს დახურული იბერიასა და ომეგას კომპანიების სარჩელები რომ იხილება ახლა ლონდონის სასამართლოსა და სტოკჰოლმის არბიტრაჟში, ცაკლე მთავრობის ადვოკატები და ცალკე ივანიშვილ/ფარცხალაძე და სხვათა ადვოკატები ტირილ/წუწუნით გაიძახიან, ჩვენ ლამის 2 მლნ დოლარი დავხარჯეთ ლონდონის სასამართლოშიო, და ჩვენ კი ლამის 20 მლნ არბიტრაჟშიო.
ჰო, მართლა, ქ- ნი წულუკიანი იუსტიციის მინისტრი გახლდათ იმ დროს და კულუარული ინფორმაციით სტატუსისა და გავლენის შესაბამის მონაწილეობას იღებდა ომეგას წინააღმდეგ მიმართულ სამთავრობო ძალადობრივ პროცესებში.
ერთი სიტყვით, კომისიის ქ-მა თავრჯდომარემ კარგად იცის ძლიერ კომპანიას რაც დამართა მისმა პარტიამ და განსაკუთრებით კი საპატიო თავმჯდომარის პირადმა შურისძიებამ და ტვ კორესპონდენტს უსმენდა გულმოდგინედ და გარეგნული ემოციით ; და აბა დამფუძნებლის ან მენეჯმენტის მოსმენა რად ენდომებოდა?..
– ვინმე უცხოელი თუ გამოეხმაურა მაშინდელ ამბებსო, – კითხვა დასვა ნაცმოძრაობის დროინდელმა სახალხო დამცველმა და ახლანდელი ხელოვნური ოპოზიციის ლიდერმა და აბა, რომ არ ახსოვდა ტვ ჟურნალისტს ასეთი რამ?..
აი, დამფუძნებლისთვის რომ ეკითხათ, ან მაღალი მენეჯმენტისთვის მაინც, კი მიიღებდნენ მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს.
კიო, ეტყოდნენ ისინი.
დაინტერესდა და თქვა კიდეც სათქმელიო, მაგალითად ვალტერ შვიმერმაო, ( ევროსაბჭოს გენერალური მდივანი)
მაგალითად, ჯორჯ სოროსმაო…
აბა და ჟურნალისტ/ კორესპონდენტს ყველაფერი ხომ ვერ ეხსომებოდა 21 წლის წინათ მომხდარი ამბებიდან?
არ ახსოვდა და ვერც თქვა.
მე მახსოვს.
მაშინდელიც და ახლანდელიც:))
ჰოდა, ეს ჩვენი საგამოძიებო კომისიის წევრები და მათი ქ- ნი თავ-რე მათთვის საძიებელი თემების მოსმენისას სულ:
უი, უი, ვაი, ვაუ, ეს რა მომხდარა, ეს რა ჩაუდენიათ, ისევ მთავრობაში ყოფნა უნდათ, გაიგოს ხალხმა და იციდეს, ვინ იყვნენ და რანი იყვნენო – იძახდნენ წამდაუწუმ…
ისე, 2004 წელს ნაცმოძრაობის მიერ გაჩერებული ომეგა
ერთ წელიწადში ამუშავდა.
და 2018 წელს ქართული ოცნების მიერ გაჩერებული ომეგა ჯერაც არ ამუშავებულა.
თუმც,
მოვა დრო და დასრულდება ლონდონ-სტოკჰოლმის სასამართლოები;
მერე მოვა დრო და დასრულდებიან ესენიც და მერე მოვა დრო და მორიგი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სხდომის წევრებიანად თავს აქეთ/იქით გადააქნევენ და წამდაუწუმ იტყვიან:
უი, უი, ვაი, ვაუ, ეს რა მომხდარა ქართული ოცნების მმართველობის დროს,  ეს რა ჩაუდენიათ, გაიგოს ხალხმა და იცოდეს, ვინ იყვნენ მთავრობაშიო, ვაი, ვაი, უი, უიო…” –  წერს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლა გაიხსენა. 
ხოლო, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ  საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენელი სააკაშვილი იყო და მაშინ, როგორც ჩანს, შეიძლებოდა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა.