ნატო ატარებს „ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს

დღეიდან, 22 იანვრიდან ნატომ დაიწყო ბოლო, თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 2024 (მტკიცე დამცველი 2024).
სწავლებაში, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს ნატოს 31-ვე წევრი სახელმწიფოს და წევრობის კანდიდატი შვედეთის 90 000-მდე სამხედრო. წვრთნების სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან“.
სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარით, ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც ალიანსი აამოქმედებს ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ.
Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. წვრთნებში ჩაერთვება 50-ზე მეტი გემი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი და ვერტმფრენი, 133 ტანკი, 533 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა ტექნიკა.
ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის განცხადებით, ამ სწავლებით ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში.
ნატომ ამ მასშტაბის ბოლო წვრთნები, დაახლოებით 125 000 სამხედროს მონაწილეობით, 1988 წელს ჩაატარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ყველაზე მასშტაბური სწავლება 2018 წელს მოაწყო და მასში 50 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება