ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები გამოძიებული უნდა იყოს. დახლალამ ამის შესახებ, რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნატო საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
“საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იქნეს გამოძიებული”.
ნატოს სპიკერის განცხადებით, “სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის”.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება”, – აცხადებს ნატოს სპიკერი, რომლის თანახმადაც, ნატო კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის.
“ნატო კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები”.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.
26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელ განცხადებაში სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) წერს, რომ, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიუთითა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებაც და აღნიშნა, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
არჩევნების დღეს კი, როგორც ორგანიზაცია წერს, გამოავლინა მძიმე დარღვევები: ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები.
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, „ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად.