ბრიუსელში გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეხება ალიანსის 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი უკრაინის და საქართველოს კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს განსხვავებაზე 2023 წლის ანგარიშთან შედარებით.
2023 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ ეწერა, რომ მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრებას.
2024 წლის ანგარიშში ისევ საუბარია უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა, ეს ფორმულირებები აღარ არის.
ნატოს გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს დაასახელა.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა აცხადებს, რომ ალიანსში აუცილებლად უნდა მიიღონ. ამას ეწინააღმდეგება ნატოს წევრი აშშ და ევროპის არაერთი სახელმწიფო.
„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ფორუმი
