აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა.
„უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა… პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული დამარცხება შესაძლებელი გახდეს, ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის ნათელია… ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები. ეს არის თითოეული მოკავშირის ინტერესებში და იმ ბევრი ქვეყნის ინტერესებშიც, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები”, – განაცხადა ბლინკენმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ.
სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ მოკავშირეები ახლა დახმარებას უწევენ უკრაინას, რათა არა მარტო გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა, არამედ მომავალში განავითაროს სამხედრო შესაძლებლობები, შეძლოს ახალი შესაძლო აგრესიის შეკავება.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ “რუსეთის დაუსჯელობა და წარმატება აუცილებლად წაახალისებს ახალ აგრესორებს და ეს შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდეს”.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს “ომით დაღლილობას” ევროპის ქვეყნებში და თვლის, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევას.