ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ-იოაჰიმ ფონ სანდრარტი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომის მიუხედავად, უკვე დაიწყო თავისი საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამის შესახებ მან LRT-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი ახლა დიდწილად კონცენტრირებულია უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ მან უკვე დაიწყო ძალების აღდგენა და ცდილობს გაძლიერდეს“, – აცხადებს გენერალი.
ნატოს გენერალი ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი ახორციელებს რესურსების მობილიზებას ნატოს წინააღმდეგ.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმ დასკვნებით, რასაც აქედან გამოვიტანთ. არასწორია იმის დაჯერება, რომ რუსეთი მხოლოდ უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენითაა დაკავებული“, – აცხადებს გენერალი.