აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა ფერაძის ინტერესებს.
თავად ფერაძე Facebook-ზე წერს, რომ მასთან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები უკვე მივიდნენ.
“ხალხო, ვერ გპასუხობთ, მოვიდნენ უკვე, ვლაგდები”. – წერს ფერაძე.
ნატა ფერაძის მიმართ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.
10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.
11 იანვარს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქომ მიმართა შემომწირველებს, რომ ცვლილება ხატში ან თავად შეეტანათ, ან ამას ეკლესია გააკეთებდა.
17 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ხატი ცვლილებების შესატანად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს.
19 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინთან ერთად თავად ხატის შემწირველებიც, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც არიან გამოსახული. ისინი გავრცელებულ ცნობას უარყოფენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების თქმით, ის სამებისთვის მათი შეწირულია.