ნარკომოხმარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ინტერვიუ ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილთან

მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა იზრდება. აღნიშნულის პარალელურად კი, ნარკოტიკების მომხმარებელთა გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაზიანების რიცხვიც მზარდია.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი აცხადებს, ბოლო კვლევებით, ქვეყანას ნარკოტიკის 49 000 ინექციური მომხმარებელი ჰყავს, სხვა გზით ნარკოტიკების მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.
ოთიაშვილის განმარტებით, ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია კლებისკენ მიდის, ვინაიდან ახლა ტენდენციური სხვა მეთოდებია. ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების გამოყენებით, კრიმინალური ჯგუფები ახალ-ახალ ნივთიერებებს ქმნიან, რომელიც იაფიც არის და ადვილად ხელმისაწვდომიც. გაიაფებულ ნარკოტიკებს, გაფართოებულ მენიუსა და გაძლიერებულ ეფექტებს ქვეყნის მასშტაბით არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორი ნარკოპოლიტიკა გვაქვს ქვეყანაში, რა გამოწვევების წინაშეა ამ მხრივ სახელმწიფო, რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, როგორ დაიცვან სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე ოთიაშვილი ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას? ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებები ნარკოდანაშაულის ბრალდებით ათეულობით პირს აკავებენ, თუმცა ამის მიუხედავად, პრობლემები და გამოწვევები მაინც რჩება…
– არსებულ მდგომარეობას იმ მონაცემების საფუძველზე ვაფასებთ, რომელიც გაგვაჩნია და არა პირადი შთაბეჭდილებების მიხედვით. საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება არ გვქონდეს. ჩვენთან იგივე ხდება, რაც გლობალურად,მთელს სამყაროში. ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოვყოთ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის დიდი რაოდენობაა. ამ კუთხით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, შეიძლება, ყველაზე მაღალიც კი, მსოფლიოში. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ ამ მომხმარებელთა რაოდენობამ კლება დაიწყო. ამ მონაცემებს ბოლო 20 წელია, რაც ვითვლით. ადრე, რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ სულ ზევით მიდიოდა. აღნიშნული კვლევები 3-4 წელში ერთხელ ტარდება. 2022 წელს პირველად ვნახეთ, რომ რაოდენობა კლებისკენ წავიდა. ჩემი, როგორც დარგში მომუშავე ადამიანის შეხედულებაც ამ ტენდენციას ემთხვევა. ვთვლი, რომ ინექციურ მომხმარებელთა კოჰორტა ბერდება და ახალგაზრდები ნაკლებად ემატებიან, რადგან ინექციური მოხმარება ნარკოტიკის მიღების ის გზა აღარ არის, რომელიც დღევანდელ სამყაროში პოპულარულია – ეს მოდა, თუ ჩვევა, გადადის. ახლა მოხმარების გზაზე ვსაუბრობ და არა მომხმარებელთა ზოგად რაოდენობაზე. ეს პრობლემა ბოლო მონაცემებით მცირდება. რაც შეეხება სხვა ტიპის მომხმარებლებს – როცა ნარკოტიკის მომხმარებელს ვამბობთ, ვის ვგულისხმობთ, ვინც დამოკიდებულია მასზე, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდება, თუ 22 წლის ახალგაზრდას, სტუდენტს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ კლუბში წავა და იქ ექსტაზს მიიღებს? ეს ყველა ერთი და იმავე ქვაბში მოვხარშოთ? ალბათ, არა. ეს ხალხი თანაბრად უნდა იყოს ჩვენი წუხილის საგანი? – არა. ამ ხალხს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, კანონი კი ამ ადამიანებს ერთნაირად უყურებს. თუ რაღაც რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინა, ერთსაც ბევრი წლით ციხეში გაუშვებს და მეორესაც.
ორ ჯგუფად რომ დავყოთ, პრობლემური – ინექციური და რეკრეაციული ახალგაზრდა, გართობის მიზნით, რომ მოიხმარს, ჯერ დამოკიდებულება რომ არ აქვს, აი, ამათთან რა ხდება არ ვიცით. პირველ შემთხვევაში ვიცით, რამდენი არიან, რას მოიხმარენ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება, რადგან კვლევები, რომელიც ტარდება, ამ ადამიანებთან ტარდება, პლუს, სერვისებთან კონტაქტშიც ესენი არიან, ექიმთან, ფსიქოლოგთან მიდიან, ვიცით ვინ არიან. მეორე ჯგუფი, რომელიც ვახსენეთ, არ მოდიან, რადგან თვლიან, რომ არ სჭირდებათ დახმარება და ბევრს მართლა არ სჭირდება, ამიტომ ამ ადამიანებზე არაფერი ვიცით.
– დაახლოებით რამდენი ადამიანია არაინექციურ ნარკოტიკზე დამოკიდებული, არც ესაა ცნობილი?
– არ ვიცით. არც ის ვიცით, რა გარემოში მოიხმარენ, რა არის პოტენციური რისკები, ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგალითად, როცა ახალგაზრდა მიდის კლუბში, ან ფესტივალზე, როგორც წესი, რაღაცას მოიხმარს, ეს ცუდია, სარისკოა. ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ, ალკოჰოლსაც ამატებენ, რამდენიმე ნივთიერების მოხმარება კი უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე მხოლოდ ექსტაზის გადაყლაპვა. ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ დაზუსტებით, ამ ადამიანებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით… რომ ვიცოდეთ, საჭიროა, ვიღაცამ კვლევები დააფინანსოს, კვლევები უცხოური დონორებით, საერთაშორისო ფონდების მიერ ფინანსდება, მათი პრიორიტეტი და პირადი ინტერესი ინფექციური დაავადებებია, როგორიც არის აივ შიდსი და C ჰეპატიტი, ამიტომ ამ კვლევებში ის მომხმარებლები ხვდებიან, რომლებიც ინფექციური დაავადებების გავრცელების სარისკო ჯგუფიდან არიან, ასეთები არიან ინექციური მომხმარებლები. ეს არის მოკლე ახსნა, თუ რატომ ვიცით უფრო მეტი ინექციურ მომხმარებლებზე. მეორე ჯგუფის საკვლევად ფულს არავინ გამოყოფს არც საქართველო, არც უცხოეთი.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, ძირითადად, საიდან და რა სახის ნარკოტიკები შემოდის ქვეყანაში?
– ქვეყანაში ყველა სახის ნარკოტიკია, რომელიც მსოფლიოში ხელმისაწვდომია, ეს ყველაფერი საქართველოშიც იშოვება. ძალიან არასახარბიელო პროცესის მონაწილეები ვართ და ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის, გლობალური პრობლემაა. ნარკოტიკების სპექტრი და ხელმისაწვდომობა მუდმივად იზრდება. ამას ჯერჯერობით წინ ვერაფერი აღუდგა. ბევრი პლატფორმაა, სადაც შეუძლიათ უზარმაზარი მენიუდან ის ნარკოტიკი აირჩიონ, რომელსაც 20 წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საქართველომდე მოაღწევდა, ან რომ ასეთი იარსებებდა, რადგან ყოველთვე ახალი ნივთიერებები ჩნდება და ყველაფერი ინტერნეტპლატფორმებზეა. ასაკს არავინ გეკითხება. მთავარია, გქონდეს შესაძლებლობა, რომ ბიტკოინი სადღაც გადარიცხო, კოორდინატებს გამოგიგზავნიან სურათებიანად, წახვალ და აიღებ ნარკოტიკს, ანუ საფრთხეები იმატებს. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა, გლობალური პროცესია. ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერც საქართველოში და ვერც უცხოეთში, ამას წინ ვერაფერი დაუყენეს, ვერ მოიფიქრეს, როგორ გაუმკლავდნენ. პირისპირ, დილერთან ინტერაქცია აღარ არის, სადაც მომხმარებელი მივა და ხელიდან ხელში, ჰეროინს, თუ სხვა რაღაცას გამოართმევს. პოლიცია ამ ეტაპზე მათ ვერ იჭერს, ერთადერთი, ში ხდება ეს, ნარკოტიკებს ხელიდან-ხელში რომ ჰყიდიან, დანარჩენი ვირტუალურ სამყაროში ხდება, ამიტომ გამოწვევები კიდევ უფრო მოიმატებს, კიდევ უფრო მეტი სახეობის ნივთიერება იქნება ხელმისაწვდომი და სხვა არხები გამოჩნდება, თუ როგორ შეძლებენ ადამიანები მის შეძენას. ეს ბუნებრივია, აქ უზარმაზარი ფული ტრიალებს, ეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები არ გაჩერდებიან.
– მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა კრიმინალური ჯგუფები სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მიღწევებს წარმატებით იყენებენ…
– კი, მათ შორის, როცა ახალ ნივთიერებას ქმნიან, რომელიც უფრო იაფი და ძლიერი ეფექტის მატარებელია. წარმოიდგინეთ, ნივთიერებები იაფდება, მენიუ ფართოვდება, ეფექტები ძლიერდება. საქართველოსაც ამ პირობებში უწევს არსებობა.
– ახლა ძალიან პოპულარულია ნარკოტიკების ე.წ. დადებით გასაღება – აღნიშნულ ნივთიერებას „დამდებები“ სხვადასხვა ადგილებზე ათავსებენ, მათ შორის, ეკლესიებში, სასაფლაოებზე, სავაჭრო ცენტრებსა და კაფეებში. აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლას ალბათ, ესეც ართულებს.
– ასეა, სადაც მოიფიქრებენ, იქ დატოვებენ. ნარკოტიკების შეძენა არასრულწლოვნასაც შეუძლია. ასეთი შესყიდვების და ახალი ნივთიერებების შეძენისას საფრთხე სერიოზულია, რადგან რეალურად არ იცი, თუ რას ყიდულობ. იმისთვის, რომ ნარკოტიკული საშუალება გააიაფონ და სასურველი ეფექტები შესძინონ, რაღაცების შერევა ხდება, შერევა როგორ მოქმედებს ორგანიზმზე, რა რისკებთანაა დაკავშირებული, შეიძლება თვითონ გამყიდველმაც არ იცოდეს წესიერად. როცა მომხმარებელი ამას ყიდულობს, მას ჰგონია, რომ ის შეიძინა, რაც იქ ეწერა, არადა შეიძლება სხვა რაღაცები იყოს დამატებული და რეალურად, არის კიდეც დამატებული, მათ შორის, აქ, საქართველოშიც. იქ, სადაც ნარკოტიკებს ამოწმებენ, მნიშვნელოვან ნაწილში დანამატების აღმოჩენა ხდება, დანამატებს უმატებენ, რადგან მომხმარებელი მეტად მოიზიდონ, იმ მომხმარებელს გამყიდველთან მისვლა მოუნდეს.
– რამდენად შეიძლება სინამდვილეს შეესაბამებოდეს მოსაზრება, რომ საქართველოში, ე.წ. იატაკქვეშა ლაბორატორიებში ისეთი ნარკოტიკები მზადდება, რომელიც რამდენიმე მოხმარების შემდეგ, მასზე სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს?
– აქ მზადდება თუ შემოდის, არ ვიცი, ეს ალბათ, პოლიციას უნდა ვკითხოთ, მე ინფორმაცია არ მაქვს. ერთი-ორი მოხმარებით დამოკიდებულების გაჩენა, გადაჭარბებულია. მე არ ვიცნობ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ერთი, ან ორი მოხმარებით ადამიანს დამოკიდებულს გახდის. ის, რომ უფრო ძლიერი ეფექტის ახალი ნივთიერებები არის, გეთანხმებით და ის, რომ უფრო სწრაფად შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს, ვიდრე ტრადიციულმა ნარკოტიკებმა – ჰეროინმა, კოკაინმა და ა.შ. ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ ის, რომ ერთი-ორი მოხმარებით დამოკიდებულება გაჩნდეს, ეს არც ერთი ნივთიერებისთვის საკმარისი არ არის. უფრო მოკლე ვადებში შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება, ვიდრე ტრადიციულ ნარკოტიკების შემთხვევაში.
რისკი იცით რაში მდგომარეობს? ადამიანები ორ ჯგუფად ხომ დავყავით, მაგალითად, პირველ ჯგუფში, გამოცდილი ადამიანები არიან და მეორე ჯგუფში, ახალგაზრდები, რომლებიც ასაკთან შესაბამის, გართობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს ადამიანები, უფრო გამოუცდელები და დაუცველები არიან პირველ ჯგუფს თუ შევადარებთ. როცა დოზის გადაჭარბების შემთხვევები ხდება, ამბობენ, თურმე იქ რაღაც ყოფილა გარეული, არ იცოდა და ამის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდაო, ანუ ესენი უფრო მოწყვლადი არიან ამ სავალალო შედეგის თვალსაზრისით, პრობლემური მომხმარებლები უფრო გამოცდილები არიან, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაღაც სტრატეგიები აქვთ შემუშავებული, მაგალითად, თუ უცნობი ტაბლეტია და დარწმუნებული არ არიან რა არის, ცოტას სინჯავენ, ნახავენ რა ეფექტი აქვს და ა.შ. ახალგაზრდებს დაცვითი მიდგომები არ აქვთ ათვისებული, რადგან ყოველდღიური მომხმარებლები არ არიან, ამიტომ როცა დოზის გადაჭარბებაზე ვსაუბრობთ, ეს ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან. ეს არის სავალალო რისკი, რომელიც მინარევებთან არის დაკავშირებული. როცა ნარკოდილერები რაღაცებს ურევენ და მომხმარებელმა ბოლომდე არ იცის, რას მოიხმარს – ერთი რაღაც ჰგონია და სინამდვილეში, მეორე რაღაც არის დამატებული.
– საინტერესოა, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად უცხო ქვეყნებიდან შემოდის, თუ აქ მზადდება?
– ვფიქრობ, თუ აქ მზადდება, ძალიან მინიმალური წილი მზადდება, რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალებები მეტწილად, შემოდის. მის დამზადებას ქიმიური სიმძლავრეები სჭირდება, ასე არ არის, რომ სარდაფში მოახერხო ნარკოტიკის დამზადება, რაღაც მცდელობები არის, სტიმულატორებს ვიღაცები ამზადებენ, მაგრამ მე ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ, ეს კითხვა, უფრო პოლიციას უნდა დაუსვათ. ვფიქრობ, რომ სერიოზული ლაბორატორიული სიმძლავრეები საქართველოში განვითარებული არ არის და ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ.
– ბოლო პერიოდში, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალების შესახებ?
– როცა კლუბურ ნარკოტიკზე ვსაუბრობთ, რამდენიმე ნარკოტიკს გულისხმობენ, თუმცა, ეს პირობითი ტერმინია – „კლუბური“, რადგან მის გარეთ შეიძლება უფრო მეტად მოიხმარენ, ვიდრე კლუბში, უბრალოდ, კლუბურ გარემოს უხდება. ხშირად იღებენ „ექსტაზს“, რამდენიმე სხვა სტიმულატორს, „ამფეტამინს“, „ალფა პვპს“, „მეფედრონს,“ „კეტამინს“, „LSD-ს“. ძირითადად, ამ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, კანაფს უმატებენ და ალკოჰოლს. ჩვენს კლუბებში და ფესტივალებზე ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ნარკოტიკს იმისთვის, რომ უკეთესი დრო ატაროს და როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ, რაც ძალიან ცუდია, შერევა დოზის გადაჭარბებისა და ინტოქსიკაციის რიკს ზრდის. როცა დოზის გადაჭარბებას ვამბობთ, ეს ყოველთვის სიკვდილით არაა დამთავრებული, ამას ვიგებთ ხოლმე, როცა სიკვდილით მთავრდება, სინამდვილეში კი, დოზით გადაჭარბება უფრო მეტი ხდება და ეს არავის ყურამდე არ მიდის, რადგან შველიან, მდგომარეობიდან გამოჰყავთ. ეს რამდენად ხშირად ხდება, ვერ გეტყვით… ალკოჰოლიც ფსიქოაქტიურია, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ლეგალურია, ალკოჰოლის შედეგები რომელ ნარკოტიკზე ნაკლებია? ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლის მიღებით კი, ყველა რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, მათ შორის, ინტოქსიკაციის, თუ მძიმე შემთხვევაა, ეს მოწამვლა სიკვდილით მთავრდება, ანუ მთავარი რისკი რაღაცების არევაა. ორი ძირითადი გამოწვევაა – რაღაც როცა არის შერეული და მომხმარებელმა არ იცის და მეორე, როცა ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთში ურევენ. ადამიანი ამას რომ არ აკეთებდეს, სახლში ჯანმრთელი დაბრუნდებოდა.
– საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ღამის კლუბებსა და გასართობ ადგილებში ეფექტურად არ ხდება ნარკოდანაშაულების აღკვეთა და ხშირად, პოლიცია აღნიშნულ ადგილებს ნაკლებად აკონტროლებს…
– როგორც ვიცი, იქ გაყიდვა-შეძენა არ ხდება, ადამიანები უკვე შეძენილი ნივთიერებებით მიდიან. დამერწმუნეთ, ფესტივალებზე, ღამის კლუბებში რა ხდება, პოლიციამ იცის, რადგან თანამშრომლები, ინფორმატორები ჰყავთ, მათ შორის, ისინი, ვინც იქ დადის. ჩვენ იქ ფორმიანი ადამიანები რომ დავაყენოთ და იმ სივრცეებში ნარკოტიკის მოხვედრა აღვკვეთოთ, ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკეთეს დროს ატარებენ, თუ რაღაცას მიიღებენ, იქ აღარ მივლენ და იატაკქვეშეთში, სადღაც, კერძო სახლებში და სხვა სივრცეებში დაიწყებენ აბსოლუტურად იმავეს კეთებას, ამიტომ, ამას აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს. აზრი ერთადერთ რაღაცას აქვს, ადამიანების განათლებას, ინფორმირებას, ზიანის შემცირებას და ახსნას, რომ ნარკოტიკი არ უნდა მოიხმაროს. თუ არ დამიჯერებ და ნარკოტიკის მიღებას მაინც გადაწყვეტ, ის მაინც გააკეთე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანო, ნუ აურევ, სანამ გასინჯავ, სანამ მიიღებ, პატარა დოზა გასინჯე, რამე ხომ არ არის დამატებული, ან ნარკოტიკის ტესტირების სერვისით ისარგებლე, მიდი იქ და დატესტე.
– არასრულწლოვნებში ნარკოტიკების მოხმარების პრობლემაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ალკოჰოლისგან განსხვავებით. 16 წლის ბავშვებში, მე-10 კლასელებში, მთელს ევროპაში, ერთდროულად გამოკითხვა ტარდება, საქართველო ბოლო ორი ტალღაა, ამ ევროპულ გამოკითხვას შეუერთდა. ბოლოს, 2019 წელს გაკეთდა ეს კვლევა, წელსაც აპირებენ. საქართველოს მთელი მასშტაბით, სკოლებში, მშობლების ნებართვით თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, გემბლინგზე, ინტერნეტზე ჩავატარეთ გამოკითხვა. თუ ჩვენს შედეგებს ევროპის სხვა ქვეყნის შედეგებს, ან საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენ უმეტეს ნივთიერებებთან მიმართებაში, საშუალო ევროპულზე ქვემოთ ვართ, პრობლემა ალკოჰოლის მიღებაშია, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში მნიშვნელოვნად უფრო მაღლა ვართ, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებლით. საუბარია, 16 წლის ბავშვებში, სხვა კვლევა არ ტარდება. არასრულწლოვნებში მხოლოდ ეს კვლევა ტარდება, სხვა მონაცემები არ გაქვს, ამიტომ გვიწევს, ამ შედეგებს დავეყრდნოთ. არასრულწლოვნებში კანაფის, „ექსტაზის“ თუ სხვა ნივთიერებების მოხმარების კუთხით, ევროპულ საშუალოზე ქვემოთ ვართ, საშუალოზე ზემოთ ვართ ალკოჰოლის მიღებაში, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში.
– ერთი პერიოდი, არასრულწლოვნებში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიაზეც იყო პრობლემა. გაქვთ რაიმე სახის მონაცემები?
– არ ვიცი, მონაცემები არ გვაქვს, ვერაფერს გეტყვით. ვიცით, რომ სადღაც, აფთიაქებში გაყიდვა მაინც ხდება, მაგრამ პრობლემის მასშტაბი, თავისებურებები, არ ვიცით.
– და ბოლოს, როგორია თქვენი რეკომენდაციები კიდევე ერთხელ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ და აქვე გკითხავთ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საპოლიციო მიდგომები? ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა იყოს უფრო მკაცრი?
– იმაზე მკაცრი, რაც ჩვენთან არის, რთულად წარმოსადგენია, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა გვაქვს, ამის გამკაცრება ვერ წარმომიდგენია, მაშინ ავტომატებით უნდა იარონ და ქუჩაში დახვრიტონ ეს ადამიანები. ეს პოლიტიკა შედეგიანი არ არის, არც საქართველოს პირობებში და არც სხვა ქვეყნების პირობებში, ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია. ერთი მიზეზი ისაა, რაზეც ვისაუბრეთ – გლობალიზაცია და პროცესი, რომელსაც ვერც ერთი პოლიციური სტრუქტურა ვერ აღუდგება – ინტერნეტით გაყიდვები და არა პიდაპირი ურთიერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა დააკავო, ეს ნამცეცია მთელ სურათზე. როცა ადამიანი ნარკოკანონს არღვევს იმით, რომ ნარკოტიკს შეიძენს მისი ან მისი მეგობრების მოხმარებისთვის, იმის ალბათობა, რომ ის პოლიციამ დაიჭიროს, იმდენად დაბალია, ეს, როგორც შემაკავებელი და დამცავი ფაქტორი, არ მუშაობს, რადგან სასჯელი მაშინ მუშაობს, როცა ორი ელემენტია, ერთი, მისი სიმკაცრე და მეორე, გარდაუვალობა. გარდაუვალობა იმდენად დაბალია, რომ აზრი არ აქვს არანაირ გამკაცრებას. ეს ბევრი ქვეყნის მაგალითმაც გვითხრა. ამ პირობებში, რაც შეიძლება გაკეთდეს, ორი რამეა, ერთი, მეტ-ნაკლებად კეთდება – ვისაც პრობლემა შეექმნება, ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა დავეხმაროთ, ამ მიმართულებით, ამ ქვეყანაში რაღაცები კეთდება, მეორე, მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც უზარმაზარი ღიობია და პრაქტიკულად არაფერი კეთდება – ახალგაზრდების მომზადება, განათლება და ცოდნით, უნარებით აღჭურვაა, რომ იდეალურ შემთხვევაში, არასდროს გასინჯონ ნარკოტიკი, მასზე ყოველთვის უარი თქვან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 100%-იან შემთხვევაში ამას ვერ მივაღწევთ, ვიღაც მაინც გადაწყვეტს, რომ გასინჯოს, აი, თუ ამას გადაწყვეტს, ჩვენს მიერ უნდა იყოს მომზადებული, იცოდეს, რა არ უნდა გააკეთოს, რა რასთან არ უნდა აურიოს, რომ ნარკოტიკს ყანწებით სასმელი არ უნდა დააყოლოს, მერე საჭესთან არ დაჯდეს და ა.შ. ამას ჰქვია პრევენცია, რომელიც უნდა ტარდებოდეს, როგორც სისტემური ჩარევა, მათ შორის, სკოლებში და სახელმწიფოს აქ კრიტიკული და წამყვანი როლი აქვს, სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. მე, მკვლევარი, ექიმი, 2500 საჯარო სკოლაში ვერ შევალ და ვერ ვასწავლი ყველა პედაგოგს იქ, რა უნდა გააკეთონ.
საუბარი არ არის, რომ პოლიციაზე უარი ვთქვათ და მხოლოდ ეს ვაკეთოთ. საერთაშორისო შეთანხმება ნარკოპოლიტიკის 4 საყრდენზეა: საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც იმას ემსახურება, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირდეს, პირველადი პრევენცია, რომ ახალგაზრდებმა მოხმარება არ დაიწყონ, ან გვიან დაიწყონ, ან თუ დაიწყებენ, იცოდნენ, ცოცხლები და ჯანმრთელები როგორ დარჩნენ, ასევე მკურნალობა და ზიანის შემცირება. ნორმალურ ქვეყანაში, ეს ოთხივე ფაქტორი უნდა მუშაობდეს, ჩვენთან პრევენცია არ მუშაობს, დანარჩენი მეტ-ნაკლებად, ნარკოპოლიტიკის ბოძი – პრევენციის ბოძი გვაკლია, ამ მიმართულებით რაღაც მოძრაობები არის, მაგალითად, სახელმწიფომ შეიმუშავა და დაამტკიცა პირველადი პრევენციის ეროვნული სტრატეგია, სადაც კარგი რაღაცები წერია, მაგრამ ნელა, ან საერთოდ არ კეთდება, რაც იქ წერია.
საინფორმაციო პორტალი არის ასეთი www.cpr.ge. ეს პორტალი ევროკავშირის დაფინანსებითაა გაკეთებული და საინფორმაციო პორტალია, რაც ახალგაზრდებს, მშობლებს, პედაგოგებს დაეხმარება. მათ შეუძლიათ შევიდნენ და ნახონ კონკრეტული ნივთიერებები, რა ეფექტები, რა რისკები აქვს, კომბინაციაც შეუძლიათ ნახონ, ჩვენი ვებგვერდი ეტყვის, თუ რა საფრთხეები აქვს, როგორ არ უნდა მოიქცეს და როგორ მოიქცეს. ეს არის ის, რაც ქართულ სივრცეში არ ყოფილა, ძალიან აკლდა და ძალიან სასარგებლოა, ბევრ ადამიანს დაეხმარება რაღაცების გარკვევაში, შეფასებაში.
ეკა ლემონჯავა
„ინტერპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს