ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკა კაციას პროცესზე დღეს პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელი ლაშა ხარხელაური დაიკითხა (ვიდეო)

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკა კაციას პროცესზე დღეს პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელი ლაშა ხარხელაური დაიკითხა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, პოლიციელმა თანმხლები პირებმა ჟურნალისტებზე ფიზიკურადაც იძალადეს და ამგვარი ფორმით დატოვა სასამართლოს შენობა.
„მოწმეს ახსოვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარისთვის იყო სასარგებლო და სხვა დანარჩენი ინფორმაცია და დეტალები აღარ.
ამასთან ერთად, მოწმემ ვერ მიუთითა კონკრეტული დეტალები, ადგილმდებარეობები, რომელიც საჭირო იყო და მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, ამასთან ერთად მოწმემ ისაუბრა ნიკოლოზ კაციას ჩხრეკასთან დაკავშირებით…
და მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული პირადი ჩხრეკა არსებითად ცდება ერთმანეთს, მანვე ყველა ის ფაქტი უარყო, რაც საქმეში წარმოდგენილია ტაქსის მძღოლთან დაკავშირებით – მან უარყო ის, რომ ნიკოლოზ კაცია დააკავეს რეალურად მის საცხოვრებელ სახლთან და ტაქსით გადაიყვანეს [სხვაგან] და რომ რეალურად ორი ლოკაცია გამოიცვალეს…“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ.
ნიკა კაციას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაში ედება. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, „გაუფორმეს ფლობა”.
„ბრალდება რომ წინასწარ შეთითხნილია და თეთრი ძაფით არის შეკერილი, ეს გვერდით რომ გადავდოთ – ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან [ცეკაპედეს – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი] შენობამდე არცერთი კითხვა არ იყო დასმული ამ რაღაცა საშუალებაზე [ბრალად წარდგენილ ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე], რომელიც თვალითაც არ მაქვს ნანახი, რაც არათუ ჩამიდეს, პირდაპირ გამიფორმეს”, – განაცხადა კაციამ ერთ-ერთ წინა პროცესზე.