ციხეში ასე ხელ-ფეხშეკრული შეკრული, ბორკილებდადებული შეჰყურებ ამ დამპალი წყეული ციხის ოთხ კედელს და არ იცი, რატომ ზიხარ, ფიქრობ და რაც გაგაჩნია, ეს არის მოთმინება – მომეცით საშუალება, რომ დავბრუნდე ოჯახში, ჩემ საყვარელ ადამიანებთან , – ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა თედო აბრამოვმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
როგორც ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია დაკავების დროს და მეტიც, მასთან შეხებაც არასდროს ჰქონია. აბრამოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
“დილის 6:00 საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ზოგადად ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს. საგიჟეთია, ასეთია ჩემი შეფასება… რისი თქმა მინდოდა, იმ სულგაყიდულმა არსებებმა, რომლებმაც გალიაში გამოამწყვდიეს, მომწყვიტეს ოჯახს აბსურდული ბრალდებით, სადაც ნოლი მტკიცებულებაა , სადაც საშუალება არ მომეცა, ჩავატარო გამოძიება. დადგინდებოდა ის, რომ პაკეტზე ჩემი ხელმოწერა არ იყო, შეეძლოთ გაეჩხრიკათ ჩემი ტელეფონი. არ აინტერესებთ, საიდან მივიტანე [ნარკოტიკი]? რატომ არაფერი ტარდება ამასთან დაკავშირებით? მომწყვიტეს რეალობას და მომამწყვდიეს ვაკუუმში. თუმცა ყველაფერს აქვს მინუსი და პლუსი, დამაახლოეს საკუთარ თავთან და ღმერთთან…
ციხეში ასე ხელ-ფეხშეკრული შეკრული,ბორკილებდადებული შეჰყურებ ამ დამპალი წყეული ციხის ოთხ კედელს და არ იცი, რატომ ზიხარ, ფიქრობ და რაც გაგაჩნია, ეს არის მოთმინება… კარგი რჩევაა იქნება ის, რომ ყოველთვის ვიბრძოლოთ ადამიანებმა იმისთვის, რაც გვეკუთვნის. ერთის თქმა შემიძლია, არანაირი სიძულვილი ზიზღი [არ მაქვს] უბრალოდ ამას გავდივარ, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი. საშინელებაა ეს ყველაფერი და ერთს ვითხოვ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მომეცით საშუალება რომ დავბრუნდე ოჯახში, ჩემ საყვარელ ადამიანებთან..
ფანჯარა, რომელიც გვაქვს საკანში, უყურებს გამავალ ცენტრალურ გზას და ჩვენს ფანჯარასთან არის ერთი ხე. ამას წინათ ჩვენი სხვა საკანში გადაყვანა უნდოდათ. არადა ეს ერთადერთი რაღაც იყო, რაც ტოვებდა თავისუფლების შეგრძნებას…ადამიანი იქიდან ორჯერ უფრო ძლიერი და ჭკვიანი გამოდის. დროის საკითხია ეს ყველაფერი. გადაღლილი ვარ, გადამწვარი ვარ.
რის თქმაც შემიძლია არის ის, რომ ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ბავშვობაში მშობლებმა შეგაყვარეს, სირცხვილია. მე მწამს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. აქ ჩემი მეგობრებიც ესწრებიან და იციან ვინ ვარ და რა მიკეთებია, შეხება არასდროს მქონია [ნარკოტიკებთან] და პირიქით, მისი ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. [ სამართალდამცველებს] ვუსურვებ არცერთს არ გადაგხდენოდეთ ეს. უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული”- განაცხადა თედო აბრამოვმა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განცხადებით კი, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი 15 აგვისტოს 11:00 საათზე გამოცხადდება.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
