ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლის განცხადებით, ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის მეუღლის, მანანა სამხარაძის განცხადებით, ჩეჩინს თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
სამხარაძის თქმით, თავში არსებული კისტა ბოლო კვლევებით გაზრდილია.
„თავის და გულის ტკივილები აქვს, თუმცა, თავის ტკივილები გვაშინებს, რადგან კისტა გაიზარდა, თავად უარზეა ოპერაციაზე, რადგან ნარკოტიკი ჩაუდეს, ახლა ამხელა რაღაც ემუქრება, ამიტომ შეშინებულია, ნდობა არ აქვს და ოპერაციის გაკეთება არ უნდა, ვიდრე არ გაათავისუფლებენ. ვითხოვთ ტომოგრაფია ხშირად გაუკეთონ“, – აცხადებს სამხარაძე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებელსა და საპროცესო მოქმედებების განმხორციელებელ პოლიციელს დაკითხავენ.
ჩეჩინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ის მის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, საქმეში მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა, მხარეს კი ნეიტრალურ მოწმედ თარჯიმანი ჰყავს წარმოდგენილი, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა.
ჩხეიძის განმარტებით, ჩეჩინს ს ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა აქვს მოგებული.
ბრალდების მიხედვით, ანტონ ჩეჩინმა ნარკოტიკული საშუალება 4 გრამი “ალფაპევეპე” უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.