ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის 13 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. განაცხადების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 162 286 ლარია. ანგარიშსწორება მოხდება 2024-2025 წლების ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით (კერძოდ, 2024 წელს გამოიყოფა – 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.).
დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვეში უნდა დაასრულდეს.
პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს 7,500,000 ლარის ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა 2023 წლის ნოემბერში გასცა.