თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის 13 162 286-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11-დან 16 თებერვლამდეა შესაძლებელი.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისისთვის ნარიყალა უკვე რეაბილიტირებული უნდა იყოს.
პროექტის მიხედვით უნდა გაკეთდეს:
· სამხრეთის და აღმოსავლეთის კლდოვანი ქარაფის, ქვაცვენის შეჩერების პრევენციული ღონისძიებების სათანადო უჟანგავი ბადის მოწყობით და კლდის ინექტირებით;
· ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება და ატმოსფერული ნალექების გადაყვანა;
· სარესტავრაციო ობიექტების გაწმენდა მცენარეებისგან;
· “სტამბოლის კოშკის” ნაგებობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია;
· ზღუდის კედლების ურთიერთდაკავშირება და განმტკიცება “სტამბოლის კოშკიდან” გახლეჩილ კოშკამდე;
· მე-18 ბურჯიდან ციცარის კედლამდე ახალი ზღუდე-მოაჯირის მოწყობა;
· მე-7 ბურჯიდან ოთხკუთხა ბურჯამდე კედელ-ბურჯების კონსერვაცია;
· ოთხკუთხა ბურჯის ქვედა ნაწილს კონსერვაცია;
· თაღოვანი კამარის ზურგის გამოყენება ბაქნის მოსაწყობად;
· მე-18 ბურჯის გაწმენდა, საკონსერვაციო ფენის მოწყობა პარაპეტით;
· ნარიყალას რეზერვუარის აღდგენა;
· მე-14 და მე-15 ბურჯებზე კედლის შიდა მხარის გაწმენდა-აღდგენა;
· ქვედა ციხის ბურჯებისა და ზღუდის კედლის მოწყობა;
· წმინდა ნიკოლოზის ტაძრის XIII საუკუნის საპირე წყობის რესტავრაცია და დაზიანებული ცოკოლის ნაწილების აღდგენა;
· ნარიყალის სასახლის კონსერვაცია-ადაპტირება, გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის გამოფენით;
· ტერიტორიის კეთილმოწყობა (ბილიკების მოწყობა უსაფრთხოების მოაჯირებით, გამწვანების სამუშაოები);
· ნარიყალას აღმართის გასწვრივ კედელბურჯების აღდგენა-კონსერვაცია;
· აღმოსავლეთ მხარეს შემორჩენილი ზღუდის აღდგენა ბოტანიკურის ქუჩაზე არსებული ფორფოსტი აგურის ჩათვლი.
დაგეგმილი სამუშაოების შესრულება შესაძლებელია როგორც ერთი კომპანიის მიერ, ისე — რამდენიმე სხვადასხვა სუბიექტზე გადანაწილებით.
ნარიყალას რეაბილიტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ რეაბილიტაციისთვის 5.5 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.
მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.