შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მილანის “ინტერმა” “დაამუხრუჭა” და უკანასკნელ ორ მატჩში ვერ გაიმარჯვა; ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველობა სათუო თუ გახადა, იტალიაში ლიდერობა “იუვენტუსს” გადაულოცა. არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი “ნაპოლი” მილანელებს “სტადიო მარადონაზე” დაუხვდება – კვირას, 3 დეკემბერს, 23:45 საათზე. გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა.
ვალტერ მაძარის დაბრუნება “ატალანტასთან” ცოტათი იღბლიანი გამოდგა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. თავის დროს ნეაპოლიდან ის სწორედ “ინტერში” გადავიდა და ამის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაც თავდაყირა დაუდგა.
მილანელები ნეაპოლში გამარჯვებას იშვიათად ახერხებენ, ფრე კი საკმაოდ ხშირად ყოფილა – სტადიონისთვის სახელის
შეცვლამდეც და მის შემდეგაც. არადა, “ინტერმა” ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან 9 მოიგო და საშუალოდ 2.4 გოლი გაიტანა. გასულ, საჩემპიონო სეზონში, “ნაპოლიმ” ორიდან ერთი მატჩი ყველა გუნდს მოუგო და მათ შორის “ინტერსაც”. როცა იანვრის დასაწყისში სიმონე ინძაგის გუნდმა (1:0) გაიმარჯვა, თითქოს “კვარას” გუნდის საჩემპიონო შანსებმა მოიკლო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მათთვის სასურველი სცენარით წარიმართა.
ნეაპოლელებს პიოტრ ზელინსკი დააკლდებათ, რაც ელიფ ელმასის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს. კვლავ პრობლემაა მარცხენა მცველთან დაკავშირებით და იმედია, ვალტერ მაცარი ისევ ჟუან ჟესუსს არ ენდობა, რომელიც ამ პოზიციაზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას შეტევითი პოტენციალიც მცირდება.
ლაუტარო მარტინესი ძალიან სახიფათოა. ის ჰოლანის, კეინისა და მბაპეს შემდეგ, ტოპლიგებში კარში ყველაზე ხშირად ურტყამს და 13 გოლი აქვს. კალენდარულ წელში არგენტინელზე შედეგიანი “ინტერში” მხოლოდ თანამემამულე დიეგო მილიტო და კრისტიან ვიერი იყვნენ. მილანელთა დაცვაში პავარი და ბასტონი არ იქნებიან. კვარაცხელიასთან დარმიანი და დუმფრისი იმოქმედებენ. შეხვედრას მასა განსჯის.