“ნაპოლის” “უხერხული” სეზონი, ხვიჩა ევროტურნირებს მიღმა არ გვსურს!.. – მიქაუტაძისა და დისკვალიფიცირებული კიტეიშვილის გადამწყვეტი მატჩები

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” “ფიორენტინას” ესტუმრება – პარასკევს, 17 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე.
ეს გუნდები ერთმანეთს მერვე ადგილისთვის ეცილებიან. ნეაპოლელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებიან. “ფიორეს” “ოლიმპიაკოსთან” კონფერენს ლიგის ფინალი ელის და სრული კონცენტრაცია მასზე აქვს გადატანილი. ვინჩენცო იტალიანო გუნდიდან მიდის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, “ფიორენტინას” მერვე ადგილი კონფერენს ლიგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, უფრო მეტი კი რთული იქნება, “ლაციოსთან” ჩამორჩენა ექვსი ქულაა.
ტრიუმფის შემდეგ “ნაპოლი” 2023-24 წლების სეზონს “უხერხულად” ასრულებს, ევროპული პერსპექტივის გარეშე. ს (წელს 10 გოლი,
6 შედეგიანი პასი) ევროტურნირების მიღმა დარჩენა ისაა, რაც ნამდვილად არ გვსურს!..
ხვიჩა ემზადება…

ნეაპოლელთა მთავრი პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ვიქტორ ოსიმენს საკმაოდ დიდი ხანია, მუხლი აწუხებს და “ბოლონიასთან” ეს საგრძნობი იყო. ნიგერიელის ჩანაცვლების შანსი მათი მოწინააღმდეგის ყოფილ ფორვარდ სიმეონეს აქვს, მაგრამ სასტარტოში რასპადორის უფრო მოიაზრებენ. ზელინსკი, რომელიც მალე “ინტერს” შეუერთდება, კვლავ უქმობს.
კვარაცხელია “იებს” აქამდე ოთხჯერ (ერთხელ სუპერთასზე) შეხვდა და შედეგიანი მოქმედება არ აქვს. აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები ჩემპიონატს “ლეჩეს” მასპინძლობით დაასრულებენ.
ამ უქმეებზე ქართველების ორ შეხვედრას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” უკანასკნელ ტურში უკვე გაჩემპიონებულ პსჟ-ს უმასპინძლებს – კვირას, 19 მაისს, 23:00 საათზე. ჩვენებურის გუნდი გავარდნასთანაც სამ ქულაშია და დარჩენასთანაც, მაგრამ დიდი შანსია, პლეი-აუტი ითამაშოს (“სტ. ეტიენი” ან “ანჟე). გიორგის აუტსაიდერ გუნდში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა – 12 გოლი, 3 საგოლე პასი და მისთვის მეტი “გვემეტება”; რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებას, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” თასის მოპოვების შემდეგ გადადებულ ჩემპიონობასთან ახლოსაა და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. კვირას, 19 საათზე (ჩვენი დროით), გრაცელები “კლაგენფურტს” უმასპინძლებენ. სამწუხაროდ, ოთო დისკვალიფიცირებულია. მან გასულ ტურში დუბლი შეასრულა, ბოლოს ბევრი გააქვს, 9 გოლითა და 5 “ასისტით” კი, გუნდის შედეგებთან ერთად, დიდებული სეზონი აქვს!..