„ატალანტამ“ აშკარად დაჯაბნა „დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლი“, 3:0 დაამარცხა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ბერგამოულ გუნდს უკვე შეუძლია სკუდეტოზე იფიქროს. ხაზგასმულია, რომ ჯან პიერო გასპერინიმ ანტონიო კონტეს პირადი დუელი მოუგო, რომელუ ლუკაკუს კი ისაკ ჰეინმა გასაქანი არ მისცა.
დღეს შეწყდა „ნაპოლის“ ათმატჩიანი წაუგებელი და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, ხოლო „ატალანტმამ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – საერთო ანგარიში 18:2.
SportItalia-ს ჟურნლისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ნაპოლი“ გააკრიტიკა: „ადრე დავწერე, რომ „ნაპოლი“ მახინჯურ ფეხბურთს თამაშობს და აგრეთვე ბევრი შეურაცხმყოფელი რამ ვთქვი გუნდზე. დღესაც იგივეს ვიტყვი და
ამის გამოსწორება შეუძლებელია“.
კონტემ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა: „გულწრფელი უნდა ვიყო. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, რომლებმაც გოლებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასეთ შემთხვევებში უკეთ მოქმედება შეგვიძლია. გუნდს განწყობისადმი საყვედურს ვერ ვეტყვი. ვნახეთ სტატისტიკა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ბალანსირებული იყო. ხშირად მივმართავდით პრესინგს, ამას დიდი ენერგია დასჭირდა. ასე რომ, მეტის მოლოდინი არ მქონდა.
შევხვდით მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იმის გამო კი არ ვილაპარაკე, რათა თავი დამეზღვია. „ატალანტა“ სისტემატურად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში „ბაიერს“ სძლია და ევროპა ლიგა მოიგო. შემადგენლობის სიღრმე გააჩნიათ, რამაც ყველა უნდა შეაშინოს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. “ატალანტას” კარგა ხანია გასპერინი უდგას სათავეში. მათთან წაგება სამარცხვინო არ არის. ეს გუნდი ჩვენთვის ორიენტირია, რომელზეც სწორება გვმართებს“.