“ნაპოლიმ” ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს ნახევარდაცვის გაძლიერებას

“ნაპოლი” ელიფ ელმასმა დატოვა, პიოტრ ზილენსკიც წასვლას აპირებს, ამიტომ მათი შემცვლელების დამატებას ცდილობს.
“ფიორენტინამ” ჩეხეთის ნაკრების 29 წლის შემტევის ანტონინ ბარაკის 500 ათას ევროდ იჯარით დათმობაზე და ზაფხულში 6 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა, თუმცა ნეაპოლური კლუბი დანებებას არ აპირებს და მალე ფლორენციელებს ახალი წინადადებით მიმართავს. გასულ წელს “ვერონასგან” 9.2 მილიონად შეძენილმა ჩეხმა ამ სეზონში 13 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი არაფერი ისმის ლაზარ სამარჯიჩის (უდინეზე) თაობაზე, რომლის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ მალე გაუფორმებდნენ კონტრაქტს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, “ნაპოლი” ახლოსაა
23 წლის ჰამედ ტრაორეს (ბორნმუთი) იჯარით აყვანასთან, რომლის ივნისში 25 მილიონად შეძენა შეეძლებათ. ინგლისის პრემიერლიგაში ტრაორემ ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ამდენად ცოტა გაუგებარია, რატომ ცდილობენ კოტ-დ’ივუარელის დამატებას. ის “ემპოლის” აღზრდილია, იტალიაში აგრეთვე “სასუოლოში” თამაშობდა.
ერთი სიტყვით, ნეაპოლურმა კლუბმა იანვარში ჯერ მხოლოდ “სალერნიტანასგან” 28 წლის მცველი პასკუალე მაცოკი გადაიბირა, რომელიც “ტორინოსთან” სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში გააძევეს.