“ნაპოლიმ” “მარადონაზე” თამაში უნდა გამოასწოროს, აქ მალე “ბარსელონაც” ეწვევათ – კვარაცხელია ფორვარდად თუ ისევ მარცხნივ?!

“ნაპოლის” ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი “ჯენოას” “დიეგო მარადონაზე” უმასპინძლებს – შაბათს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით).
“ვერონასთან” ს “ჯადოქრობამ” გუნდს 3 ქულა მოუპოვა, “მილანთან” წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე დღეში აქ “ბარსელონაც” ეწვევათ…
შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს. ალბერტო ჯილარდინოს ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯაკომო რასპადორიმ და
მატეო პოლიტანომ კი შეხვედრა გადაარჩინეს. გენუელები მანამდე სერია “ბ”-ში იყვნენ და “კვარა” მათ სულ მეორედ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სხვაობა ახლა 6 ქულაა.
ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს “ნაპოლის” მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში უნდა ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?!
შეხვედრას 39 წლის ხუან ლუკა საჩი განსჯის. ის ცოტა ხნის წინ “ლაციო” – “ნაპოლის” (0:0) მეოთხე მსაჯი იყო, ისე კი, ქართველი გარემარბის გუნდის მატჩებზე არ ამწესებენ.
სხვა ქართველები. საინტერესო იქნება გიორგი კვერნაძის “ფროზინონესა” და დანიელე დე როსის მშვენიერი “რომას” დაპირისპირება (კვირას, 21 საათზე); ესპანეთის “ლა ლიგაში” შაბათის ღამეს (23:59 სთ) გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “სვილიას” უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას მოიწადინებს; ინგლისის ჩემპიონშიპში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდი”, რომელიც შაბათს (19:00 სთ) აუტსაიდერ “როტერჰემს” ესტუმრება; გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩში ბოლოს კვიპროსის ნაკრებთან გაიტანა და იმედი გვაქვს, ამ სერიას დაასრულებს, მისი “მეცი” კი “მონპელიეს” კვირას (18:00 სთ) ესტუმრება.