სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „ვენეცია“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვარაცხელიას და ნერესს ადრე თუ გვიან სასტარტოში ერთად დააყენებდა და ეს დღევანდელ შეხვედრაში გააკეთა. ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, შეუტიეს და მომენტები შექმნეს: რაჰმანის მეკარე სტანკოვიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი მან ხვიჩას დარტყმული ბურთი მოიგერია. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც იებოას გატანა მერეტმა არ დაანება. „კვარას“ როგორც ყოველთვის ეუხეშებოდნენ და მსაჯმა ალტარე გააფრთხილა. მერე ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლუკაკუს დარტყმული ბურთი სტანკოვიჩმა
მოიგერია. ცოტა ხანში კვარაცხელიას კარგი პასი ანგისამ ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი დასრულდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, მასპინძლები არადამაჯერებლად მოქმედებდნენ, ქართველს დაცვის დასახმარებლად ხშირად უწევდა უკან დახევა და რამდენიმეჯერ მეტოქეს ბურთიც აართვა. თანდათან კონტეს შეგირდებმა თამაში დაალაგეს და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს: ლუკაკუმ ბურთი ძელს გაარტყა, ხვიჩამ ოთხჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და 75-ე წუთზე პოლიტანომ შეცვალა, ხოლო 79-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ვენეციელთა კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
„ნაპოლი“ „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი – ვენეცია 1:0
გოლი: რასპადორი (79)
გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (37, ნაპოლი)