ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანი იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ მამამისი სიკვდილით სჯიდა ხალხს… ამ ქალმა ეს კაცი საფლავიდან ამოთხარა

ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ – საქმეზე სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა. როგორც ჟურნალისტმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის ყველა პროცესზე მისვლას აპირებს, მიუხედავად იმის, რომ ამის ვალდებულება არ აქვს.

ჟორჟოლიანის თქმით, ამ დრომდე, გულწრფელად ვერ მიხვდა, რას ითხოვს მისგან “ოცნების“ წარმომადგენელი.

“წულუკიანს, ცხოვრების ამ ეტაპზე, მისი არასწორი გავლენებით, არაჯანსაღი ფსიქიკით უნდა, რომ ისტორია გადაწეროს“,- ამბობს ის.

თეა წულუკიანს პრობლემა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ნანუკასთან, რადგან პოლიტიკურად აქტიურია, აღიზიანებს მას და წულუკიანს, ცხოვრების ამ ეტაპზე, მისი არასწორი გავლენებით, არაჯანსაღი ფსიქიკით უნდა, რომ ისტორია გადაწეროს. იმიტომ, რომ თეა ისტორიის იდეალური გადამწერია. ახლა მას მოუნდა მამის ისტორიის გადაწერა.  რას ითხოვს ვერ გავიგეთ. ჯერ იყო, რომ რაც მე მეწერა იმაზე ფორმულირების შეცვლას ითხოვდნენ, რომ კი არ დახვრიტა მისმა მამამ, არამედ დახვრეტა მიუსაჯა, მცირე დეტალებზე დაობს თეა ჩემთან. ეს საქმე ნანუკა ჟორჟოლიანს პატიმრობამდე ვერ მიიყვანს, მუხლი პატიმრობას არ ითვალისწინებს. რუტინაში შეგვიყვანენ. 

იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ მამამისი სიკვდილით სჯიდა ხალხს, იმის გარდა, რომ ამ ქალმა ეს კაცი საფლავიდან ამოთხარა, ჩამოატარა თავიდან ეს გვარები ისევ. წმინდა რაციონალურად ვერ ვიგებ რას აკეთებს. წულუკიანი ჩემთვის “ოცნების“ ის წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია შუბლზე ძარღვი გაიწყვიტოს და ყველაფერი იკადროს. მეორე საკითხია, სასამართლო რაში შეჰყვება მას, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.  

თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს რამდენიმე თვის წინ უჩივლა.  ტელეწამყვანის წინააღმდეგ სარჩელი დედამ, ძმამ და ძმისშვილმა ერთობლივად შეიტანეს.

წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, “20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”, “ქართული ოცნების” ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.